სახალხო დამცველის ოფიციალური შეხვედრები გაერთიანებულ სამეფოში
2015 წლის 6–11 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველი ლონდონში და ბელფასტში იმყოფებოდა და ოფიციალური შეხვედრები გამართა ადამიანის უფლებებზე და კონფლიქტების ტრანსფორმაციაზე მომუშავე ორგანიზაციების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე, სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საკითხებში მედეა ტურაშვილი, ევროკავშირის პროექტის „სახალხო დამცველის აპარატის გაძლიერება“ კოორდინატორი თამარ ხიდაშელი და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე პროექტის კოორდინატორი თორნიკე ცაგარეიშვილი.
6 ივლისს სახალხო დამცველი შეხვდა დიდი ბრიტანეთის საგარეო ურთიერთობათა და ერთა თანამეგობრობის ოფისის აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან სარა სვინფორდს და ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენელს ნეილ ანგელს. ისაუბრეს საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ, მათ შორის იძულებით გადაადგილებულთა და კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე. განიხილეს მიმდინარე რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
სახალხო დამცველმა ასევე, გამართა შეხვედრა პოლიციის საჩივრების დამოუკიდებელ კომისიაში კომისარ მერი კუნინთან. შეიარაღებული ძალების საჩივრების მიმღებ კომისიაში (სამხედრო ომბუდსმენი) სახალხო დამცველი და მისი დელეგაციის წევრები კომისარ ნიკოლა უილიამს და სააგენტოს ხელმძღვანელს ჯეიმს გონდელს შეხვდნენ და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვის მექანიზმი განიხილეს.
7 ივნისს სახალხო დამცველი და მისი თანმხლები პირები საერთაშორისო ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტიის“ ოფისში, ევრაზიის და ცენტრალური აზიის საკითხების დირექტორს, დირექტორის მოადგილეს და საქართველოს მკვლევარს, ასევე კამპანიების კორდინატორს შეხვდნენ.
იმავე დღეს სახალხო დამცველი და მისი წარმომადგენლები საერთაშორისო ორგანიზაცია „შერიგების რესურსების“ წარმომადგენელს ჯონათან კოენს, რეიჩელ კლოგს და მირა სოვაკარს შეხვდნენ. ასევე, გაიმართა შეხვედრა ფინანსური ომბუდსმენის ოფისის წამყვან ომბუდსმენთან კაროლინ მიჩელთან.
8 ივლისს ორგანიზაცია International Alert–ის მენეჯერთან ევრაზიის საკითხებში ჯულიეტ შოფილდთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე, საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობაზე და სამშვიდობო პროცესებზე ისაუბრეს. საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე ისაუბრეს ასევე, კონფლიქტების ეფექტურად მოგვარების ცენტრში (CEDR) კომუნიკაციების დირექტორსა და მედიატორთან ანდი როჯერთან გამართულ შეხვედრაზე.
ძალიან საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა ყველა პარტია საპარლამენტო ჯგუფის (APPG) წევრებთან, მათ შორის, ჯგუფის თავმჯდომარე, პარლამენტარ დომინიკ გრივთან და ნიკოლ პიჩისთან, რომელიც საპარლამენტო ჯგუფის ადამიანის უფლებების საკითხებს კურირებს. შეხვედრას დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრებიც ესწრებოდნენ.
9 ივლისს სახალხო დამცველი და მისი თანმხლები პირები ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრნენ და ბელფასტში შეხვედრები გამართეს ჩრდილოეთ ირლანდიის ფონდის დირექტორთან ალენ ლეონარდოსთან, ასევე ორგანიზაცია Corrymeela Community–ს აღმასრულებელ დირექტორთან კოლინ კრეიგთან.
მოგვიანებით, სახალხო დამცველმა და მისი დელეგაციის წევრებმა კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და სოციალური სამართალის კვლევის ინსტიტუტში მეცნიერ ნილ ჯარმანთან საქართველოში არსებული კონფლიქტური რეგიონების პრობლემები, მოსახლეობის წინაშე არსებულ გამოწვევები და მათი გადაჭრის სავარაუდო გზები განიხილეს.
ასევე, 10 ივლისს ჩრდილოეთ ირლანდიაში უჩა ნანუაშვილი შეხვდა თანასწორობის კომისიის კომისარს მაიკლ ვორდლოუს, პოლიციის ომბუდსმენს მაიკლ მაგუაიერს, ადამიანის უფლებათა კომისიის დირექტორს ვირჯინია მაკვეას, კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელს ქეით რედფორდს, ორგანიზაცია community Relations council-ის კომუნიკაციების დირექტორს რეი მულანს და სხვა რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს.
შეხვედრებზე ისაუბრეს კონფლიქტის ტრანსფორმაციასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობაზე კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში. განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.