სახალხო დამცველის მოადგილის ინიციატივით სოფელ თივში ბიბლიოთეკა გაიხსნა
2018 წლის 31 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის ეკატერინე სხილაძის ინიციატივითა და ფინანსური დახმარებით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ თივის საჯარო სკოლაში ბიბლიოთეკა გაიხსნა.ბიბლიოთეკაკატო მიქელაძის სახელობის პრემიისფარგლებში მიღებული ფულადი ჯილდოთი მოეწყო, რომლის მფლობელიც ეკატერინე სხილაძე 2016 წელს გახდა.
ბიბლიოთეკას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფელში, სადაც სხვა პრობლემებთან ერთად, გართულებულია ხელმისაწვდომობა ინფორმაციასა და სერვისებზე.
ბიბლიოთეკის წიგნებით და ტექნიკით აღჭურვა ეროვნული ბიბლიოთეკის და საბიბლიოთეკო ასოციაციის მხარდაჭერით მოხდა. ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით კი ადგილობრივი მაცხოვრებელი რახიმათ ზაურბეგოვა ბიბლიოთეკარის პოზიციაზე დაინიშნა.
საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ხელმისაწვდომობის ზრდას ინფორმაციასა და საბიბლიოთეკო საქმიანობაზე და იმედოვნებს, რომ შექმნილი საგანმანათლებლო სივრცე ხელს შეუწყობს თემში არსებული პრობლემების გამორკვევას, ახალგაზრდების გააქტიურებასა და სამომავლო ინიციატივების გაძლიერებას.