სახალხო დამცველის მოადგილემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში გააცნო
2018 წლის 7 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიში წარუდგინა და რეკომენდაციები გააცნო.
სახალხო დამცველის მოადგილემ ანგარიშში დასმულ ყველა საკითხზე ისაუბრა და ამომწურავად უპასუხა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების კითხვებს. სახალხო დამცველის აპარატმა გამოთქვა მზაობა, რომ მომავალში გაგრძელდეს აქტიური დიალოგი სასამართლო კორპუსთან და მოხდეს ანგარიშის განხილვა უფრო ფართო ფორმატში მოსამართლეთა კონფერენციის წინაშე.
სახალხო დამცველი 2017 წლის ანგარიშში დეტალურად საუბრობს სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფაზე და შესაბამისი რეკომენდაციები იქნა წარდგენილი საქართველოს პარლამენტის წინაშე: დაიხვეწოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, რაც უზრუნველყოფს სკოლის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას, შეიცვალოს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესი და გაუქმდეს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი, შეიცვალოს სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის წესი, კანონით განისაზღვროს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვალდებულება, მიიღოს მოსამართლეთა გადატვირთულობის შესაფასებელი წესი და მეთოდოლოგია, ზედმიწევნით განსაზღვროს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობა, ასევე სათადარიგო მოსამართლის სავალდებულო დანიშვნის ვალდებულების დროითი ელემენტი, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვროს ირიბი ჩვენებების დასაშვებობის/გამოყენების მკაფიო საფუძვლები, მიიღოს ახალი, ადამიანის უფლებების საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, შეცვალოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და გაუმჟღავნებლობის ვალდებულება არ გავრცელდეს ბრალდებულსა და მის ადვოკატზე.
მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების ადრესატი საქართველოს პარლამენტია, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საკითხის გაცნობას სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისთვისაც და მათი მოსაზრებების მოსმენას სხვადასხვა პრობლემური საკითხების გარშემო.