სახალხო დამცველის მოადგილეები ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელმძღვანელობის კონგრესის წევრებს შეხვდნენ
2018 წლის 18 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელმძღვანელობის კონგრესის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანს სახალხო დამცველის მანდატის გაცნობა და საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის მიმოხილვა წარმოადგენდა. კონგრესის წევრები დაინტერესდნენ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების და მათი შესრულების მდგომარეობის შესახებ. საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების მონაწილეობას.
აღსანიშნავია, რომ კონგრესის მონიტორინგის კომიტეტი აფასებს წევრი ქვეყნების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას, ამზადებს ანგარიშებს ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის ხარისხის შესახებ და ძირითადი ევროპული სტანდარტების დამკვიდრების მიზნით ახალ რეკომენდაციებს წარმოადგენს.