სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო სასამართლომ N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი სამართალდამრღვევად ცნო
2017 წლის 14 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ნოდარ ქინქლაძე და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
2017 წლის 4 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები მსჯავრდებულ ჯ.ს.-ს მონახულების მიზნით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ. აღმოჩნდა, რომ მსჯავრდებული ამ პერიოდისთვის გადაყვანილი იყო ლ. სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციისგან საქმის წარმოების გაგრძელებისთვის საჭირო დოკუმენტაცია გამოითხოვეს. თუმცა, კანონის აღნიშნული მოთხოვნის მიუხედავად, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებს მოთხოვნილი ინფორმაცია დაუყოვნებლივ არ მიეწოდათ.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ყველა სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, თანამდებობის თუ იურიდიული პირი ვალდებულია ყოველმხრივ დაეხმაროს საქართველოს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ წარუდგინოს მასალები, საბუთები და სხვა ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება საქართველოს სახალხო დამცველს თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად.“
იმავე დღეს, 2017 წლის 4 აპრილს მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული უსაფრთხოების ზომების კანონიერების შემოწმების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილით მიმართა N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და მოითხოვა ინფორმაცია მის მიმართ გამოყენებული უსაფრთხოების ზომების თაობაზე, სახალხო დამცველის აპარატმა პასუხი ვერც წერილზე მიიღო.
„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, „მასალა, საბუთი, სხვა ინფორმაცია და ახსნა-განმარტება საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს მოთხოვნის მიღებისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მასალა, საბუთი და სხვა ინფორმაცია მოთხოვნილია წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, საბუთი და სხვა ინფორმაცია საქართველოს სახალხო დამცველს უნდა გადაეცეს 10 დღის ვადაში.“