სახალხო დამცველის განცხადება ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით
პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1990 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის №45/106 რეზოლუციით დაწესდა.
2016 წელს ამ დღის აღნიშვნის თემაა ბრძოლა ეიჯიზმის წინააღმდეგ. ეიჯიზმიასაკობრივი დისკრიმინაციის ფორმაა, რომელიც უმეტესად ხანდაზმულ პირთა მიმართ ვლინდება და მნიშვნელოვნად აფერხებს მათ მონაწილეობას საზოგადოების სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.
მიმდინარე წელს გაეროს გენერალური მდივნის გზავნილი შეიცავს მოწოდებას ეიჯიზმის გამოვლინების წინააღდეგ და მოუწოდებს სახელმწიფოებს მიიღონ საჭირო ზომები ხანდაზმულ პირთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში; შექმნან დამატებითი სამართლებრივი გარანტიები მათი დისკრიმინაციული პოლიტიკის, კანონებისა და მოპყრობისაგან დასაცავად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს და უარყოფს ხანდაზმულებისა და დაბერების შესახებ არსებულ ნეგატიურ სტერეოტიპებსა და მცდარ შეხედულებებს.
ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა ჯერ კიდევ ვერ პასუხობს თანამედროვე გამოწვევებსა და საერთაშორისო მიდგომებს. ასაკოვანი ადამიანების უმრავლესობას არ მიუწვდება ხელი ადეკვატურ საცხოვრებელზე, სოციალურ სერვისებსა და დაცვის მექანიზმებზე, რის გამოც, ისინი სიღარიბის, უსახლკარობისა და იზოლაციის საფრთხის ქვეშ იმყოფებიან. ხშირია მათ მიმართ ძალადობის ფაქტები. ქვეყანაში არსებული სახელმწიფო პროგრამებით არ არის გათვალისწინებული ხანდაზმულთა ალტერნატიული ზრუნვის სერვისები, არ ხდება მიზნობრივი პროგრამების შემუშავება, პრობლემურია ადგილობრივ დონეზე ამ პირთა სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საკითხი.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მონიტორინგს უწევს ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვას. გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში ყურადღება გამახვილდა სწორედ მათ მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ პირობებზე და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ისინი დგანან; შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები. არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით სახალხო დამცველი საჭიროდ თვლიდა სახელმწიფოს პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის გააქტიურებას.
ხანდაზმულთა უფლებების დაცვის კუთხით ქვეყანაში წინ გადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს 2016 წელს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფცია“. კონცეფციის თანახმად საქართველოს მთავრობას დაევალა 2016 წლის 1 აგვისტომდე 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება. თუმცა სამოქმედო გეგმა ამ დრომდე არ არის მიღებული.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი შემჭიდროებულ ვადებში უნდა დასრულდეს და საქართველოს მთვარობამ მიიღოს აღნიშნული დოკუმენტი, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაბერების საკითხის სხვადასხვა სექტორულ პოლიტიკასა და პროგრამაში ჩართავს, ხანდაზმულ პირთა უფლებების სათანადო დაცვას. პოზიტიური აქტივობებით უარი ვუთხრათ ეიჯიზმს, რომელიც ხშირად კვეთს დისკრიმინაციის სხვა ფორმებს, როგორიცაა გენდერული, შესაძლებლობის შეზღუდვის, ეთნიკური და სხვა ნიადაგზე აღმოცენებული დისკრიმინაცია.