სახალხო დამცველის განცხადება სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს 2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის გამო, უსამძიმრებს გარდაცვლილების ოჯახებს და გამოჯანმრთელებას უსურვებს დაზარალებულებს.
სახალხო დამცველი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ხანძრის გამომწვევი მიზეზების სწრაფი და ეფექტური გამოძიება. როგორც ცნობილი გახდა, გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. პირველ რიგში გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს გათვალისწინებული იყო თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები სასტუმროს მშენებლობის პროცესში და მშენებლობის პროექტის დამტკიცებისას მოთხოვნილი იყო თუ არა აღნიშნული წესების დაცვა შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მიერ. თუკი სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვა მოთხოვნილი არ იყო, ანდა მოთხოვნის მიუხედავად, გათვალისწინებული არ ყოფილა, უნდა დადგინდეს და გამოვლინდეს იმ თანამდებობის პირთა ვინაობა, ვინც სასტუმროს მშენებლობის და ფუნქციონირების ნებართვა გასცა.
საქართველოს სახალხო დამცველი აქამდეც არაერთხელ მუწოდებდა ხელისუფლებას სახანძრო უასფრთხოების მკაცრი მონიტორინგისკენ. სასტუმროს უსაფრთხო ფუნქიონირებაზე პასუხისმგებელია არამხოლოდ სასტუმროს პერსონალი, არამედ - სახელმწიფოც. აღნიშნული უმძიმესი შემთხვევა ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი რეგულაციების ამოქმედების საფუძველი უნდა გახდეს, რათა უსაფრთოების წესების დაცვის მიზნით შემოწმდეს ქვეყანაში მოქმედი ყველა სასტუმრო თუ სასტუმრო სახლი.
საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს მიადევნებს გამოძიების მიმდინარეობას და იმედს გამოთქვამს, რომ მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიების შედეგები ცნობილი გახდება საზოგადოებისთვის.