სახალხო დამცველის განცხადება სამაუწყებლო სივრცეში არსებული სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების თაობაზე
სახალხო დამცველი ეხმიანება რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ სატელევიზიო შოუ „პროფილის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. უნდა აღინიშნოს, რომ მედია საშუალებები ხშირად ხდებიან სტიგმატიზაციისა და სეგრეგაციის, სიძულვილის ენის, სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციის წყარო. სატელევიზიო პროგრამების/გადაცემების ფორმატში შეინიშნება მკვეთრად გამოხატული ჰომოფობიური, დისკრიმინაციული და სექსისტური ტენდენციები. ანალოგიურ შემთხვევას ასევე ჰქონდა ადგილი გასულ წელს სატელევიზიო შოუ „ნიჭიერის“ ერთ–ერთ გადაცემაში. რაც თავის მხრივ მეტყველებს სამაუწყებლო სფეროში დასაქმებულ პირთა ცნობიერების ამაღლების საჭიროებასა და თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტურად მუშაობის აუცილებლობაზე.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს გონივრული ბალანსის დაცვა გარკვეული სოციალური ჯგუფის უფლებების, კანონიერი ინტერესების დაცვასა და პიროვნების თავისუფალი ნების რეალიზებას, მის სუბიექტურ აღქმას შორის. რიგ შემთხვევებში უპირატესობა სწორედ პირის მიერ თავისუფალი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას უნდა მიენიჭოს. აღნიშნული არ ცვლის იმ მიდგომას, რომ მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს ადამიანის ღირსებას, უფლებებსა და თავისუფლებებს და არ შეუწყოს ხელი სტერეოტიპებისა და სტიგმის გაძლიერებას.
„მაუწყებელთა ქცევის კოდექსი“ სამაუწყებლო კომპანიებს აკისრებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებას. შესაბამისად, მათ თავი უნდა შეიკავონ ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს არატოლერანტულ დამოკიდებულებას სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულების, ეთნიკური თუ სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების, შესაძლებლობის შეზღუდვის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა საფუძველზე. სატელევიზიო გადაცემების/შოუების შემქმნელები პროგრამის პოტენციურ მონაწილეებს უნდა ეპყრობოდნენ სამართლიანობის, თანასწორობისა და პატივისცემის პრინციპების დაცვით. ჟურნალისტიკური ეთიკის ქარტიის თანახმად, ჟურნალისტმა უნდა გააცნობიეროს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე და ყველა ზომას უნდა მიმართოს ამ კუთხით ნეგატიური პროცესების/შედეგების თავიდან აცილების მიზნით.
ცალსახაა, რომ მაღალრეიტინგულ მედია საშუალებებს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სოციალური დატვირთვა და გავლენა აქვთ საზოგადოების ცნობიერების ფორმირების თვალსაზრით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს სამაუწყებლო კომპანიებს და სხვა მედია საშუალებებს, რომ ნებისმიერი პროგრამის/გადაცემის მომზადებისა და გაშუქების პროცესში იხელმძღვანელონ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებით. არ შეუწყონ ხელი ადამიანების ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას და მკაცრად დაიცვან საერთაშორისო სტანდარტებითა თუ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
თავის მხრივ სახალხო დამცველი, ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში ახდენს ჟურნალისტებისთვის ტრენინგების ორგანიზებას ადამიანის უფლებების შესახებ მათი ცოდნის გაღრმავების, თანასწორობისა და ტოლერანტობის პრინციპებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით და გამოთქვამს მზადყოფნას ამ მიმართულებით მომავალში სხვადასხვა აქტივობების განხორციელებაზე.