სახალხო დამცველის განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ
საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას აღნიშნული წინაპირობები სახელმწიფო ხელისუფლების ყველა ორგანოს მიერ კომპეტენციის გამიჯვნით და ფუნქციათა დუბლირების გარეშე, დროულად და ეფექტურად. სახელწიფოს ვალდებულებაა, უზრუნველყოს ყველა ორგანოს იმგვარი ურთიერთკოორდინირებული საქმიანობა, რომლითაც ინდივიდის კონსტიტუციით გარანტირებული უფლება იქნება დაცული.
საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება ემსახურება პირის თავისუფლების თვითნებური ხელყოფისგან დაცვის ნორმატიული გარემოს განმტკიცებას. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო კანონის ის ნორმა, რომელიც ცალსახად ვერ გამორიცხავდა ხელისუფლების მხრიდან პირის მიმართ თვითნებობის შესაძლებლობას.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება არ არის თვითაღსრულებადი იურიდიული ბუნების მქონე გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ ნორმატიულ საფუძველს ეხება, რომლის კონკრეტულ ფაქტებთან მიმართება და გამოყენება საერთო სასამართლოებმა უნდა შეაფასონ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევასთან მიმართებით. ისე, როგორც ეს მოხდა გიორგი უგულავას საქმესთან მიმართებით.
საქალაქო სასამართლოს მიერ 2015 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული პატიმრობის გაუქმება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოადგენს სწორ სამართლებრივ ფორმას, რომლითაც პირის თავისუფლების ხელშეუხებლობა აღადგინა სახელმწიფომ კანონის უზენაესობის და კომპეტენციათა გამიჯვნის ფონზე.