სახალხო დამცველის განცხადება ქალაქ თელავში სოციალისტური პარტიის აქციის დროს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს 2016 წლის 4 აგვისტოს, ქალაქ თელავში, პარტია „სოციალისტური საქართველოს“ წევრების მიერ მოქალაქე რ.ქ.-თვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტთან დაკავშირებით.
მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა რ. ქ.-ს შეკრებაზე დასწრების უფლება არ მისცა და საუბრის დროს, სახეში ხელი დაარტყა.
ჩვენ მიერ მოძიებული ინფორმაციით, ძალადობრივი ქმედების ჩამდენი პირი პოლიციამ დააკავა და წაუყენა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით.
კადრების მიხედვით, ინციდენტის მონაწილეები გამოირჩეოდნენ სიძულვილის ენითანც. სახალხო დამცველი გმობს მსგავს ძალადობრივ ქმედებებს, სიძულვილის ენის გამოყენებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს თითოეულ ასეთ ფაქტზე მოახდინონ დროული რეაგირება და ძალადობრივი ქმედების სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.
ვინაიდან არჩევნების მოახლოებასთან ერთად მოსალოდნელია დაძაბულობის ზრდა, მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაქსიმალურად უზრუნველყოს მსგავსი ძალადობრივი ქმედების პრევენცია და ითოულ ფაქტზე მოახდინოს კანონით განსაზღვრული რეაგირება, რათა არ გაჩნდეს დაუსჯელობის განცდა.
შეგახსენებთ, რომ 4 აგვისტოს ქალაქ თელავში, პარტია „სოციალისტურ საქართველოს“ წევრები პარტიულ ყრილობას მართავდნენ თელავის სამუსიკო სასწავლებლის დარბაზში. სასაწავლებლის მიმდებარე ტერიტორიაზე საპირისპირო აქცია გამართეს ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ წარმოადგენლებმა, რასაც მოყვა დაპირისპირება.