სახალხო დამცველის განცხადება ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით
21 მარტს, მრავალი სხვა ქვეყანის მსგავსად, ნოვრუზ ბაირამი საქართველოშიც აღინიშნება. საქართველოს სახალხო დამცველი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ნოვრუზის სახალხო დღესასწაულს ულოცავს და იზიარებს იმ სიხარულს, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დადგომას უკავშირდება.
ნოვრუზი – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი „ნოვ“ ახალს, ხოლო მეორე „რუზ“ დღეს ნიშნავს. ოდითგანვე 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიცოცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასწაულია.
ნოვრუზის დღესასწაული, როგორც წესი, სამ დღეს გრძელდება.გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ესდღე არა ისლამური, არამედ, აღმოსავლური ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია.
ამ დღის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით:
„ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა, დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა, მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა, მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.“
2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნოვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში. 2010 წელს, ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა.