სახალხო დამცველის განცხადება ბათუმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ქალაქ ბათუმში მიმდინარე მოვლენებს და აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს. სახალხო დამცველი შეახსენებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება ადმიანის ფუნდამენტური უფლებაა. პოლიციის უმთავრესი ვალდებულებაა მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვა და იმედოვნებს, რომ პოლიცია არ გაცდება კანონის ფარგლებს და უზრუნველყოფს აქციის მშვიდ ვითარებაში ჩატარებას.
აჭარაში სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა დაკავებულ პირებს, მათ შორის ავტომობილის მძღოლს, რომლის დაჯარიმებასაც მოჰყვა პროტესტი. აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირები არ ადასტურებენ პოლიციის მხრიდან ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.
სახალხო დამცველის აპარატის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან ადგილზე და აკვირდებიან მოვლენების განვითარებას.