სახალხო დამცველის დელეგაცია გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სესიას დაესწრო
2015 წლის 10 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე, პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკა კვარაცხელია და საერთაშორისო ურთიერთობებისა და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნიკო თათულაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მეორე ციკლის ფარგლებში ჟენევაში გამართულ 23-ე სესიას დაესწრნენ. სესიაზე განიხილებოდა საქართველოს შესახებ ანგარიში ქვეყანაში არსებული უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
სესიის დასრულების შემდეგ, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან იოაკიმ რუქერთან, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული ვითარება გააცნეს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა გამოხატვის თავისუფლება და მედია; კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვა, შრომის ინსპექცია და სხვა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები ასევე, შეხვდნენ შვედეთის, ჰოლანდიის, ჩეხეთის, გერმანიის და ბელგიის მისიების წარმომადგენლებს, რომელთაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის პროცესში და მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მისცეს საქართველოს მთავრობას. მხარეები რეკომენდაციების იმპლემენტაციის პროცესში აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
11 ნოემბერს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტის წარმომადგენელს, რომელსაც მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ. ქვეკომიტეტმა დადებითად შეაფასა დეპარტამენტის საქმიანობა და შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ეროვნული პრევენციის მექანიზმი თავის გამოცდილებას სხვა ქვეყნების პრევენციის მექანიზმებსაც გაუზიარებს.
დელეგაციის წევრები შეხვდნენ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს - ასოციაცია წამების პრევენციისათვის და ინფო უნივერსალური პერიოდული მიმოხილვისთვის (UPR Info), სადაც თემატურად განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისა და გეგმების მნიშვნელოვანი საკითები.