სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წევრები ცესკოს თავმჯდომარეს შეხვდნენ
2015 წლის 30 აპრილს სახალხო დამცველის აპარატთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრები ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას შეხვდნენ. ღონისძიება მიზნად ისახავდა წლის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობებისთვის საარჩევნო უფლებებისა და პროცედურების შესახებ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი აქტივობების გაცნობასა და არსებული გეგმის განხორციელების შესახებ მათი წინადადებების მოსმენას.
მისასალმებელ სიტყვაში სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ ხაზი გაუსვა ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დამკვიდრებული თანამშრომლობის განგრძობით ხასიათს და დასძინა, რომ მსგავსი პროგრამების განხორციელება უდავოდ ხელს შეუწყობს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, გაზრდის საარჩევნო უფლებებისა და პროცედურების შესახებ ეთნიკური უმცირესობების ცნობადობას და მათ მონაწილეობას ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი პროექტი მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო განათლებას, სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, საარჩევნო პროცედურების შესახებ ახალგაზრდებისთვის საზაფხულო სკოლებში სასწავლო კურსების ჩატარებასა და სხვა საინფორმაციო კამპანიებს.