სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზი ამუშავდა
2015 წლის ნოემბრიდან სახალხო დამცველის აპარატში პირველად ამუშავდა ცხელი ხაზი სატელეფონო ნომრით – 1481. ცხელი ხაზი სახალხო დამცველის ახალი საპილოტე პროექტია, რომელიც მოქალაქეებს კომუნიკაციის ბევრად უფრო მოქნილ და ეფექტურ მექანიზმს სთავაზობს. იგი ყოველდღიურად, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მოქალაქეებისგან მიიღებს ინფორმაციას სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, მათ შორის, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე.
ნებისმიერ პირს, ვინც თვლის, რომ თავად განიცდის წამებას და სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, აქვს სიცოცხლის მოსპობისა თუ ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე, ან დაექვემდებარა უკანონო დაკავებას, დაპატიმრებას თუ თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვას, აგრეთვე, ოჯახურ ძალადობას, ან არის ასეთი ქმედების თვითმხილველი, დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე.
ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების ჯგუფი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სავარაუდო უფლებადარღვევის ადგილზე მივა. თუმცა, საწყის ეტაპზე, რეაგირების ჯგუფი მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე იმუშავებს.
ცხელი ხაზის ამოქმედება მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას, უფლებადარღვევებზე დროულ რეაგირებას, სახალხო დამცველის აპარატისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებას.
ცხელი ხაზის ნომერზე – 1481 დარეკვა შესაძლებელია როგორც ადგილობრივი (სტაციონარული), ასევე მობილური ოპერატორების ნომრებიდან.