სახალხო დამცველის აპარატს ნდობას უცხადებს იმ პირთა 75% ვისაც სმენია მის შესახებ
ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ორგანიზაცია „ეისითიმ“ ჩაატარა კვლევა – „საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობა ადამიანის უფლებების დაცვისა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შესახებ“, სადაც დადებითად გამოიკვეთა მოსახლეობის დამოკიდებულება სახალხო დამცველის აპარატის მიმართ.
კვლევის თანახმად, სახალხო დამცველს ენდობა იმ ადამიანთა 75% ვისაც სმენია მის შესახებ, 80%–მა იცის, რომ ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილია, ხოლო 73% მზად არის საჭიროების შემთხვევაში მიმართოს სახალხო დამცველს, რაც ომბუდსმენის აპარატის მიმართ ნდობის მაღალ მაჩვენებელზე მიანიშნებს. უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობის შესახებ გამოკითხულთა მთლიანი რაოდენობის 60%–ისთვის არის ცნობილი.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სანდოდ მიიჩნევს 65%. ნდობის ხარისხი 9–11% –ით მეტია ქალაქებსა და სოფლებში.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ უკანასკნელი 5 წლის მანძილზე, იმ მოსახლეობის 72%, ვისაც სახალხო დამცველის ოფისთან რაიმე ტიპის შეხება ჰქონია, კმაყოფილია ამ გამოცდილებით და ომბუდსმენის აპარატის დახასიათებისას უმეტესობა ხაზს უსვამს გულისხმიერებას, სამართლიანობას, კვალიფიციურობას, მომსახურების სისწრაფეს.
რაოდენობრივ მონაცემებთან ერთად, საინტერესოა კვლევის თვისებრივი მონაცემებიც. მოქალაქეების გარდა, ადამიანის უფლებათა დაცვის თემებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვისაც სახალხო დამცველის აპარატი ინფორმაციის მიღების ერთ–ერთ კომფორტულ და ხელმისაწვდომ წყაროს წარმოადგენს. დისკუსიის მონაწილეთა ნაწილის აზრით, ომბუდსმენის აპარატი მაქსიმუმს აკეთებს საკუთარი მანდატის ფარგლებში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ომბუდსმენის აპარატს ცალსახად მაღალ შეფასებას აძლევენ. მათი აზრით, აპარატი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
სახალხო დამცველის შესახებ ინფორმირებული რესპონდენტების 67% ინსტიტუტს ეფექტიან საშუალებად აღიქვამს. 50% დარწმუნებულია, რომ სახალხო დამცველის გარეშე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მდგომარეობა უფრო მძიმე იქნებოდა. თბილისში ომბუდსმენის ოფისს ეფექტიან საშუალებას 57% უწოდებს, სხვა ქალაქებში მათი რაოდენობა 67%–ია, ხოლო სოფლებში – 76%. კვლევის თანახმად, დადებითი რეზონანსი აქვს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის ამოქმედებას. „შესაძლოა, სწორედ ცხელი ხაზის ამოქმედებას მიეწეროს ის, რომ კვლევის მონაწილე რესპონდენტებიდან ყოველი მეათე აპარატისადმი მიმართვის გამოცდილებაზე საუბრობს“ – აღნიშნულია ანგარიშში.