სახალხო დამცველის აპარატმა შეიარაღებული ძალების ომბუდსმენთა მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
2015 წლის 25–27 ოქტომბერს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია კაციტაძემ და თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა თამარ გაბიანმა მონაწილეობა მიიღეს შეიარაღებული ძალების ომბუდსმენთა მეშვიდე საერთაშორისო კონფერენციაში. კონფერენცია ორგანიზებული იყო შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ცენტრისა (DCAF) და ჩეხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ, რომელსაც 37 ქვეყნის სამხედრო პირთა უფლებადამცველი ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
კონფერენცია დაეთმო სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას სამხედრო პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე და მიმოხილულ იქნა სხვადასხვა სახის პრაქტიკის დანერგვის მეთოდები. კონფერენციაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სამხედრო ომბუდსმენთა როლი სამხედრო ძალების სამოქალაქო და დემოკრატიული კონტროლის საკითხებში; სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მათ შორის, შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობის უფლება, უფლება სხვადასხვა ასოციაციებსა თუ პროფესიულ კავშირში გაერთიანებაზე, საარჩევნო უფლება, ჯარის მიერ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მნიშვნელობა, ეფექტური გამოძიების ჩატარება სამხედრო დაწესებულებებში სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე, ომბუდსმენთა როლი და მექანიზმები სამხედრო ძალებში ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად.
კონფერენციის ბოლოს მიღებული იქნა განცხადება, სადაც ყველა მონაწილე ქვეყანის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ომბუდსმენთა ინსტიტუტები მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას, რათა ეფექტურად მოხდეს სამხედრო სამსახურში სხვადასხვა ტიპის უფლებების და თავისუფლებების გამოყენება და არასწორი მართვის სისტემის მინიმუმამდე დაყვანა.