სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების ვიზიტი პანკისის ხეობაში
2017 წლის 10 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე და აპარატის სხვა წარმომადგენლები პანკისის ხეობის სოფელ დუისში იმყოფებოდნენ, სადაც შეხვდნენ სალაფიტური თემისა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებს, ასევე დაესწრნენ პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში გამართულ დისკუსიას „დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები პანკისის ხეობაში“.
ადგილობრივი სალაფიტური თემისა და უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრებზე პანკისში არსებულ ზოგად მდგომარეობზე, პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე, ახალგაზრდების ინტერესებზე, საზოგადოებრივ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ამ ორგანიზაციების მონაწილეობაზე და მათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით მიიღეს ინფორმაცია; ასევე ისაუბრეს სალაფიტური თემის მიმართ გაჟღერებული კრიტიკისა და ამ საკითხებისადმი მათი ხედვების შესახებ.
დისკუსიის ძირითადი თემა ბოლო პერიოდში პანკისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის სათემო რადიოს საქმიანობა და პანკისის საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი როლის განხილვა იყო; ისაუბრეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისისათვის ცეცხლის წაკიდების ფაქტზე და ამ ინციდენტის სავარაუდო მიზეზებზე.
სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, სწრაფად და სრულყოფილად გამოიძიოს 3 იანვარს პანკისში მომხდარი ფაქტი, როდესაც უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისია განთავსებული, ცეცხლი წაუკიდეს. გამოძიების შედეგებმა არ უნდა დატოვეს შეკითხვები საზოგადოებაში, ხოლო, გამოძიების დასრულებამდე გაუმართლებელია რომელიმე ჯგუფის მიმართ ბრალდებების გამოთქმა, უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა იყოს დაცული და გამოძიების შედეგებს უნდა დაელოდოს ყველა მხარე.
სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, პანკისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს უსაფრთხოებისა და მშვიდ გარემოში მუშაობის გარანტია ჰქონდეთ.