სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთა სასწავლო ვიზიტით პოლონეთში
2017 წლის 19–23 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის ეკატერინე სხილაძე და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების და მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით არსებული პოლიტიკის გაზიარების მიზნით პოლონეთს ეწვივნენ.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; მათ შორის, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ოჯახის, შრომისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროში, პოლონეთის პრემიერ–მინისტრის აპარატში, პოლონეთის ადამიანის უფლებათა კომისრისა და ბავშვთა ომბუდსმენის ოფისებში, ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისში, ადამიანის უფლებათა ჰელსინკის კომიტეტსა და ჰომოფობიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში.
შეხვედრებისას პოლონურმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სერვისების დაფინანსების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშემწყობი პროგრამების, სოციალურად დაუცველ პირთა დახმარების და სხვა შესაბამისი პროგრამების კუთხით არსებული პოლიტიკის საკითხებზე. ასევე, გაიმართა დისკუსია საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების მიმართულებით პოლონეთში არსებულ პრაქტიკაზე.
თავის მხრივ, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისის დელეგაციამ, პოლონეთის სამთავრობო და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ ძირითად პრობლემებსა და უკვე მიღწეულ პროგრესზე. დისკუსიისას საქართველოსა და პოლონეთში არსებული არაერთი საერთო გამოწვევა გამოიკვეთა და მხარეებმა მათთან ბრძოლის ეფექტიანი მეთოდების შესახებ იმსჯელეს.