სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს ტრენინგი ჩაუტარდათ
2016 წლის 3-5 ნოემბერს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს, ჩაუტარდათ ტრენინგი „პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხების მონიტორინგთან დაკავშირებით“.
ტრენინგის მიზანი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების პროფესიული უნარ ჩვევების ამაღლება. მათ შორის, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა სამედიცინო შემოწმება და დოკუმენტაცია, ფსიქიატრიული ჯანმრთელობის დაცვისა და მკურნალობის გეგმა, ფსიქოაქტიური მედიკამენტები და წამალდამოკიდებულ პატიმართა მენეჯმენტი, სუიციდის პრევენცია, ინტერვიუები პერსონალსა და პაციენტებთან და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვა პრობლემები პენიტენციურ დაწესებულებებში. ტრენინგის განმავლობაში გაიმართა არაერთი დისკუსია და გაკეთდა სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოები.
ტრენინგს უძღვებოდნენ ოქსფორდის ზოგადი პროფილისა და სასამართლო სამედიცინო ფსიქიატრიის რეგისტრირებული ექიმი, ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის მედიცინის/ფსიქიატრიის ექსპერტი დოქტორი კლაივ მიუ და ოქსფორდის ეროვნული სერვისების ფონდის სასამართლო სამედიცინო ფსიქიატრიისრეგისტრირებული ექიმი დოქტორი ჯულია კარტრაითი.
ტრეინინგის ფარგლებში, ასევე განხორციელდა სასწავლო ვიზიტი N18 სამკურნალო და N8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. სასწავლო ვიზიტის ბოლოს გაიმართა ტრეინინგის მონაწილეთა შეხვედრა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლებთან, სადაც ხაზი გაესვა პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით არსებულ გამოწვევებს და ამ კუთხით სამინისტროსა და სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის თანამშრომლობის აუცილებლობას.
ღონისძიება გაიმართა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“.