სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების სასწავლო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში
2017 წლის 21-25 ივლისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები სასწავლო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მიერ სომხეთის პრევენციის ეროვნული მექანიზმის და დამოუკიდებელი მონიტორინგის საბჭოების (ციხეების და პოლიციის მონიტორინგის საბჭოები) წარმომადგენლებისთვის ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის განხორციელების კუთხით გამოცდილების გაზიარება.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისები და პაციენტების უფლებები, ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის საერთაშორისო სტანდარტები, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ეფექტური შემოწმების განხორციელება. ტრენინგს უძღვებოდა წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ყოფილი წევრი ვლადიმირ ორტაკოვი.
ტრენინგის დროს საქართველოს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრებმა სომეხ კოლეგებს გააცნეს მათ მიერ შემუშავებული ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის განხორციელების მეთოდოლოგია. გარდა ამისა, ტრენინგის მონაწილეებმა ერთობლივი სასწავლო ვიზიტი განახორციელეს ნუბარაშენის ფსიქიატრიული დაწესებულებაში.
ვიზიტი ორგანიზებული და დაფინანსებული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ.