ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდნენ

2018 წლის 16 მაისს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და აპარატის თანამშრომლები ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში სტავროს ლამბრინიდისს შეხვდნენ. შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახულ გამოწვევებსა და საუკეთესო პრაქტიკაზე ისაუბრა; ხაზი გაუსვა მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ახალი პოზიტიური გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და სურვილი გამოთქვა უფრო სიღრმისეულად გაცნობოდა საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ–ერთი საუკეთესო პრაქტიკის მქონე ინსტიტუციის საქმიანობას.

შეხვედრაზე სახალხო დამცველის წარმომადგენელებმა სტავროს ლამბრინიდისს აპარატის სტრუქტურა, ძირითადი მიმართულებები და ტენდენციები გააცნეს. განიხილეს სახალხო დამცველის რეკომენდაციების, ზოგადი წინადადებებისა და სასამართლო მეგობრის მოსაზრებების სისტემა, ადრესატები და გათვალისწინების ხარისხი. ისაუბრეს ცხელი ხაზის მუშაობის პრინციპებზე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის საქმიანობაზე და ჩატარებული მონიტორინგების შედეგებზე.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე და მათი გამოძიების ხარვეზებზე, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე, ბავშვთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრობლემებზე, რომელთა გადაჭრისთვისაც ჯერ კიდევ არასაკმარისია ხელისუფლების ძალისხმევა. მოკლედ შეეხნენ სოციალურ პრობლემებს, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს მწირ დაფინანსებას და პერსონალის დაბალ კვალიფიკაციას. ისაუბრეს ასევე, დისკრიმინაციის განსაკუთრებით ხშირად გამოვლენილი ფორმებზე, სამოქალაქო განათლების დონის ამაღლების აუცილებლობაზე და ამ კუთხით სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მუშაობას და მისი საქმიანობა მისაბაძი და გასათვალისწინებელია როგორც რეგიონში, ასევე რეგიონს გარეთ მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვითი ინსტიტუტებისთვის.

16.05.18
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)