ახალი ამბები

სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს აჭარის სამმართველოს უფროსი წარუდგინა

2016 წლის 11 მარტს, ბათუმში სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ქორიძემ რეგიონული მედიის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსი ციალა ქათამიძე წარუდგინა და ომბუდსმენის აპარატში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

სახალხო დამცველის რეგიონული დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, სამმართველოს შექმნა რეგიონალური ოფისების გაძლიერებას ისახავს მიზნად. კერძოდ, ცვლილების შედეგად, სახალხო დამცველის რეგიონული წარმომადგენლობები ადგილზე განიხილავენ შემოსულ ინდივიდუალურ განცხადებებს. აჭარის ოფისთან ერთად, ცვლილებები განხორციელდა იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და სამეგრელო–ზემო სვანეთის სამმართველოებში.

პრესკონფერენციაზე აჭარის რეგიონის სამმართველოს უფროსმა ოფისის სამომავლო საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებსაც გაუსვა ხაზი. „ჩვენ ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ. ოფისი გააგრძელებს მიმდინარე თემებზე მუშაობას – პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს, სოციალური თემატიკის შესწავლას, ინდივიდუალურ საჩივრების განხილვას და სხვა. ადამიანის უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასამთავრობო სექტორთან, ჟურნალისტებთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა.“ – განაცხადა ციალა ქათამიძემ, რომელსაც ადამიანის უფლებათა სფეროში რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს სახალხო დამცველის აპარატში კონკურსის წესით შეირჩა.

11.03.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)