სახალხო დამცველის აპარატი დროებით აჩერებს სამუშაო პროცესს
მოგეხსენებათ, რომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფ სახალხო დამცველის აპარატის შენობას ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაუდგინდა მესამე ხარისხის დაზიანება; ამასთან, მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები იწვევს ბიძგებს, რაც ისედაც ავარიულ შენობას დამატებით საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი საგანგებო რეჟიმზე გადადის და 2018 წლის 2 ივლისამდე აჩერებს სამუშაო პროცესს.
მთავრობის უახლოეს სხდომაზე დაგეგემილია სახალხო დამცველის აპარატისთვის დამატებითი თანხის გამოყოფა, რაც დროებითი ალტერნატიული ფართის დაქირავების შესაძლებლობას მოგვცემს. სახალხო დამცველის აპარატი ყველა ღონეს იხმარს, რათა არ შეფერხდეს საქმისწარმოების პროცესი.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ განცხადებები დატოვონ მისაღებში, თუმცა მათი რეგისტრაცია მხოლოდ ორშაბათიდან მოხერხდება.
ცვლილება ასევე შეეხება ცხელი ხაზის რეაგირების ჯგუფს. დროებით ცხელი ხაზის ოპერატორთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება ნომერზე - 598083006. ასევე, მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე info@ombudsman.ge
სახალხო დამცველი ბოდიშს უხდის მოქალაქეებს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული ტექნიკური შეფერხება დროულად იქნება აღმოფხვრილი.