სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი თემაზე - „ოჯახში ძალადობა და მასზე რეაგირების მექანიზმები“
2016 წლის 14-18 დეკემბერს, თელავში საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი პოლიციის 40 თანამშრომელს „ოჯახში ძალადობისა და მასზე რეაგირების მექანიზმების“ თემაზე ტრენინგი ჩაუტარა, სადაც ოჯახში ძალადობის სხვადასხვა ფორმა, მსხვერპლთა დაცვა და ძალადობაზე რეაგირების მექანიზმები განიხილეს.
ტრენინგს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მარიამ მესხი და შსს-ს პოლიციის აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსი ნოდარ სააკაშვილი წარუძღვნენ. დასასრულს, მონაწილეებს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის სერთიფიკატები გადაეცათ.
მონაწილეები დეტალურად გაეცნენ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ არსებული საქართველოს კანონმდებლობას, გარემოებებს, რომელთა გამო მსხვერპლი თავს იკავებს სამართალდამცავებთან თანამშრომლობაზე, ოჯახში ქალის როლის შესახებ დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, მსხვერპლისა და მოძალადის გამოვლენის მეთოდებს, სარეკომენდაციო ხასიათის დებულებებს ძალადობის მსხვერპლთან კომუნიკაციის დროს, მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვანთა დაცვისა და მათგან ახსნა-განმარტების მიღების სამართლებრივ თავისებურებებს. ასევე განიხილეს შემაკავებელი და დამცავი ორდერების შევსების მეთოდიკა, სასამართლოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტების დაცვაზე ზედამხედველობის საკითხები და მათი შეუსრულებლობის სამართლებრივი შედეგები, გამოძიება, სასამართლო დევნა და მონაცემთა დაცვა, ქალის მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის, წინააღმდეგ ბრძოლის პრევენციის შესახებ ევროსაბჭოს კონვენციის მნიშვნელობა, მიზნები, გამოწვევები და სახელმწიფოს ვალდებულებები.
დისკუსიებმა მონაწილეებს საშუალება მისცა მაქსიმალურად ჩართულიყვნენ სხვადასხვა თემის განხილვაში, მოესმინათ არგუმენტები და განევითარებინათ თავიანთი მსჯელობა.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.