სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი თემაზე - „ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობა ზოგადი განათლების საფეხურზე“
2017 წლის 12-14 ივლისს გუდაურში საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი თემაზე – „ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობა ზოგადი განათლების საფეხურზე“, რომელსაც დაესწრო თბილისის საჯარო და კერძო სკოლების 18 პედაგოგი - სამოქალაქო განათლების მასწავლებლები და კლასის დამრიგებლები. ტრენინგის მიზანს წამოადგენდა ზოგადი განათლების საფეხურზე ადამიანის უფლებების შესახებ პედაგოგთა ცნობიერების ამაღლება და კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავება სამოქალაქო განათლების სასწავლო მასალების დახვეწის მიზნით.
სამი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ შემდეგ საკითხებს: ბავშვის უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ძირითადი საკითხები, ბავშვის მიმართ ძალადობის იდენტიფიცირების და რეაგირების გზები, მოსწავლეთა მიმართ სკოლის ადმინისტრაციის სანქციებისა და წახალისების ფარგლები. დისკრიმინაციასთან ბრძოლის საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო, თანასწორობის არსი, დისკრიმინაციის ფორმები, დისკრიმინაციის წახალისება, სიძულვილის ენა, ბულინგი. საპოლიციო ღონისძიებები და ბავშვის უფლებები, სისხლისსამართლებრივი პროცედურები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში. გენდერული თანასწორობის ზოგადი საკითხები, ოჯახში ძალადობის ძირითადი ასპექტები, ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.
პედაგოგებმა მოისმინეს თეორიული მასალა, გაიმართა დისკუსიები, მსჯელობები, პრეზენტაციები, ჯგუფურ სავარჯიშოები და სამოქალაქო განათლების ადამიანის უფლებების სწავლების ნაწილის ანალიზი, მოახდინეს პრობლემათა იდენტიფიცირება და შეიმუშავეს რეკომენდაციები სწავლების გაუმჯობესების მიზნით.
ტრენინგს წარუძღვნენ სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ანა ილურიძე, თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან შუბაშვილი, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გვანცა ჩხაიძე და ბავშვის უფლებათა ცენტრის მთავარი სპეციალისტი თამთა ბაბუნაშვილი.
ტრენინგის განმავლობაში პედაგოგთა მიერ გამოვლინდა ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები - მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების საჭიროება, სახელმძღვანელოებისა და მეთოდური მასალების დახვეწის აუცილებლობა. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც განაგრძობს მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლებასა და სხვა აქტივობების განხორციელებას (სასკოლო მასალების დახვეწის მიზნით სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია) ზოგადი განათლების საფეხურზე ადამიანის უფლებათა სწავლების ხელშეწყობისთვის.