ახალი ამბები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის

2016 წლის 21-24 ივნისს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ თავდაცვის სამინისტროს 25 სამხედრო პირს და იურისტს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე „ადამიანის უფლებები სამხედრო სამსახურში“.

სატრენინგო პროგრამა დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების ელემენტებით. კურსი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ადამიანის უფლებების შესახებ. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, კანონის უზენაესობა, მოქალაქეები სამხედრო ფორმაში, უკანონო ბრძანებები და მათი შედეგები, კავშირი ჰუმანიტარულ სამართალს და ადამიანის უფლებებს შორის, დისციპლინური პასუხისმგებლობები შეიარაღებულ ჯარებში, ლიდერის როლი და მართვის მეთოდები, არასათანადო მოპყრობის დროულად გამოვლენა და პრევენცია, ქალები სამხედრო ფორმაში, უმცირესობების უფლებების დაცვა შეიარაღებულ ძალებში, დემოკრატიული კონტროლი და კეთილსინდისიერების ამაღლება შეიარაღებულ ძალებში, კეთილსინდისიერების ამაღლება თავდაცვის უწყებაში, ცნების განმარტება და მისი პრაქტიკა დასავლეთის დემოკრატიებში, საქართველოს თავდაცვის სექტორი და კეთილსინდისიერების დაცვის ინიციატივა 2013, ადამიანის რესურსების მართვა და კეთილსინდისიერება დასავლეთის
ქვეყნების პრაქტიკა და სხვა.

ტრენინგს გაუძღვნენ ჩეხეთის პარლამენტის წევრის იურიდიული მრჩეველი და ადამიანის უფლებათა დამცველი ჩეხეთის შეიარაღებულ ძალებში, საერთაშორისო ექსპერტი ზორან ნერანდზიჩი და თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრი თამარ პატარაია. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ტრენინგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა.

21.06.16-24.06.16

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)