სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივ–გამომძიებლებისთვის
2016 წლის 31 ოქტომბრიდან 4 ნოემბერის ჩათვლით სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისისა და რეგიონის 44 დეტექტივ–გამომძიებელს ტრენინგი ჩაუტარა თემაზე: „სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება“.
სატრენინგო პროგრამა დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების ელემენტებით. კურსი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიების გზებზე. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ შესაძლებელი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ინდიკატორებს, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების საერთაშორისო და რეგიონულ სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას, მონაცემთა ბაზის არსებობის საჭიროებას და შექმნას, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ქართული კანონმდებლობის გამოყენების გზებს, არასათანადო მოპყრობის გამოძიების სტანდარტებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე და სხვა ძირითად საკითხებს.
ტრენინგს გაუძღვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან შუბაშვილი და საერთაშორისო ექსპერტი, დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების პროგრამის ხელმძღვანელი და ეროვნული პოლიციის საბჭოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ჯგუფის წევრი პოლ ჯიანასი. პოლიციის ოფიცრის 30 წლიანი გამოცდილების მქონე პოლ ჯიანასი ასევე არის სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების სახელმძღვანელო პრინციპების ავტორი, რომლითაც დღეისათვის დიდი ბრიტანეთის პოლიციის ოფიცრები და სხვა აქტორები ხელმძღვანელობენ.
სწავლების დასრულების შემდეგ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა და სახალხო დამცველის მოადგილემ ეკატერინე სხილაძემ მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცეს.
ტრენინგი განხორციელდა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტის მიმდინარეობისას წლის ბოლომდე კიდევ 2 ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნის, კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებისკენ არის მიმართული.