ახალი ამბები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ფსიქოლოგებისთვის

2016 წლის 18 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების 22 ფსიქოლოგს ჩაუტარა ტრენინგი ტრენერებისთვის თემაზე „ბავშვის ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული საჭიროებების იდენტიფიკაციის უნარების განვითარება“.

ფსიქოლოგებისთვის განკუთვნილი სატრენინგო პროგრამა დატვირთული იყო როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სწავლების ელემენტებით. კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მიჯაჭვულობის თეორიას, ბავშვისადმი დამოკიდებულებას, ძალადობას და ტრავმულ გამოცდილებას და მსხვერპლ ბავშვებთან ურთიერთობის თავისებურებებს, ბავშვთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის ძირითადი პრინციპების ინტერპრეტაციას, ბავშვთა უფლებების საფუძვლების შესავალს, ბავშვის განვითარების პრობლემების თანამედროვე გაგებას სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, რისკის ქვეშ მყოფი ოჯახების დამხმარე მომსახურეობებს, ბავშვის ზრუნვაში ჩართული მშობლების, მზრუნველების და პროფესიონალების როლებს, თანამედროვე გაგებას ფსიქიკური ჯანმრთელობის, ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის და ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურების შესახებ, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიატრიის როლს, ფსიქიატრიის არამართლზომიერ გამოყენებას და სხვა ძირითად საკითხებს.

ტრენინგს გაუძღვნენ საერთაშორისო ექსპერტი დაინიუს პიურასი (ვილნიუსის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის დეპარტამენტის პროფესორი) და ქართველი ტრენერები ეკატერინე თავართქილაძე (საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის ფსიქოლოგი) და სახალხო დამცველის აპარატის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელი მაია გედევანიშვილი. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

ტრენინგი ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული „სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის მხარდაჭერა“ პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტის ფარგლებში წლის ბოლომდე კიდევ 7 ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი, რომლებიც ადამიანის უფლებების სფეროში სამართლებრივი და სხვა ასპექტების შესახებ სამიზნე ჯგუფების ცოდნის, კვლევითი და ანალიტიკური უნარების გაღრმავებისაკენ არის მიმართული.

18.04.16


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)