ახალი ამბები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგი ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო დაცვის საკითხებზე

2018 წლის 25 დაიწყო და სამი დღე გაგრძელდება სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიისა და „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მდგომარეობის შესწავლაში“ პროექტის ფარგლებში, ტრენინგი თემაზე – „ლტოლვილთა საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო დაცვის საკითხები“. ტრენინგს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის 16 სტუდენტი ესწრება.

ღონისძიების გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლის მოადგილე იოკო აკასაკა, რომლებმაც მიმდინარე ომებისა და კონფლიქტების ფონზე თემის აქტუალობასა და მსოფლიოში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრეს; ხაზი გაუსვეს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის მნიშვნელობას თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგისა და აღნიშნულ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით.

ტრენინგზე განიხილავენ ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და მექანიზმებს, ასევე ეროვნულ საკანონმდებლო ბაზას და პრაქტიკას საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში. მონაწილეები დეტალურად გაეცნობიან სახალხო დამცველის მანდატს და აპარატის მიერ განხორციელებულ საქმიანობას თავშესაფრის მაძიებელთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის კუთხით.

კურსი მოიცავს ადამიანის უფლებებისა და ლტოლვილთა შესახებ საკანონმდებლო ჩარჩოს, „ლტოლვილის“ განმარტებას კონვენციის მიხედვით და სტატუსის მინიჭებაზე დაშვების კრიტერიუმებს, დევნის სტანდარტებს, ლტოლვილთა დაცვის უნივერსალურ პრინციპებსა და ცნებებს, საქართველოში თავშესაფრის სისტემისა და კანონმდებლობის მიმოხილვას, საერთაშორისო და ეროვნულ პრეცედენტულ სამართალს ლტოლვილთა შესახებ და სხვა საკითხებს.

საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენერების მიერ მიწოდებული ინფორმაცია დაეხმარებათ სტუდენტებს აქტუალური საკითხების შესახებ სიღრმისეული ცოდნის მიღებაში, რაც შესაძლოა სამომავლოდ მათი აკადემიური და პროფესიული ინტერესის სფერო გახდეს. ტრენინგი ასევე ხელს შეუწყობს ქვეყანაში ლტოლვილთა შესახებ ცნობიერების ამაღლებას, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია აღნიშნული მოწყვლადი ჯგუფის მარგინალიზაციის თავიდან აცილებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.

ღონისძიება სახალხო დამცველის აპარატისა და სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობის მხარდაჭერით იმართება.

25.04.18


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)