სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგები თბილისის საჯარო სკოლებში თემაზე - „ბავშვი და პოლიცია“
2017 წლის 27 იანვარს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეებისთვის მოკლე სალექციო კურსი ჩაატარა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის თანამშრომლები საბა ბრაჭველი და ალდონა ქაჩიბაია გაუძღვნენ. კურსის ძირითადი თემა იყო 14 წელს ზემოთ ახალგაზრდების უფლებები სამართალდამცავ სტრუქტურებთან შემხებლობისას. კერძოდ, პირის მიმართ საპოლიციო ღონისძიებების (შეჩერება, გამოკითხვა, იდენტიფიცირება და სხვა.) ან/და სისხლისსამართლებრივი პროცედურების (დაკავება, ჩხრეკა, დაკითხვა) განხორციელებისას არასრულწლოვანთა დამცავი უფლებრივი გარანტიები.
აღნიშნულ თემატიკაზე სალექციო კურსი არასრულწლოვანთა სამიზნე ჯგუფისთვის პირველად სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ფარგლებში განხორციელდა. საგანმანათლებლო აქტივობის ფორმატი და შინაარსი საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე შეირჩა და მიზნად ისახავს მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საკუთარ უფლებებზე. სალექციო კურსი ძირითადად შეეხება არასრულწლოვანი ბრალდებულის უფლებრივ გარანტიებს სამართალდამცავებთან ურთიერთობის დროს, მათ შორის ეფექტიანი დაცვის უფლებას, უფლებას კანონიერ წარმომადგენელსა და ადვოკატზე, დუმილის უფლებას, საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების უფლებასა და სხვა სპეციფიკურ გარემოებებს, რომლებიც არასრულწლოვანთა შესახებ მართლმსაჯულების კოდექსითაა უზრუნველყოფილი.
საგანმანათლებლო საქმიანობა ხელს შეუწყობს მოზარდთა და პოლიციას შორის შესაძლო დაპირისპირების მშვიდობიანი და სამართლებრივი გზით გადაჭრას, რაც თავის მხრივ, შეამცირებს მოზარდებში პოლიციისა და სამართალდამცავების მიმართ უნდობლობის შეგრძნებას. პროგრამა არასრულწლოვნებს ასევე მოამზადებს თანამედროვე საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა სახის კონფლიქტური გარემოებების სათანადოდ აღქმასა და მათ მშვიდობიან გადაჭრაში, საკუთარი უფლებების შესახებ ცოდნის ქმედითად გამოყენების გზით, დაამკვიდრებს მათში კანონმორჩილების იდეის პატივისცემას.
სალექციო კურსები თბილისის სხვა საჯარო სკოლებშიც ჩატარდება. სწავლების პროცესი მოიცავს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობის მიმოხილვას. სწავლება იქნება ინტერაქტიული - თეორიული მასალის გაცნობის შემდგომ, გაიმართება დისკუსია/დებატები, გონებრივი იერიში, მოხდება კაზუსის განხილვა, შედგება როლური თამაში, ჯგუფური მუშაობა და შედეგების პრეზენტაცია.