სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენერთა ტრენინგი „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტების“ თემაზე
2017 წლის 19-21 ივლისს, გუდაურში საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებით გაიმართა ტრენერთა ტრენინგი თემაზე – „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფსიქოლოგიური ასპექტები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამმართველოს, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის სოციალურ საკითხთა, მორალური მხარდაჭერისა და უზრუნველყოფის სამმართველოსა და გენდერული მონიტორინგის საბჭოს თანამშრომლებმა. აღნიშნულ თანამშრომლებს უშუალო შეხება აქვთ სამხედრო მოსამსახურეებთან, რომლებიც უცხოეთში სხვადასხვა მისიაში იღებენ მონაწილებას და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა სჭირდებათ.
სამი დღის განმავლობაში ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ ძალადობის მახასიათებლებს, ფორმებს/ტიპოლოგიას, ძალადობის გამომწვევ მიზეზებს, მსხვერპლის მახასიათებლებს, მსხვერპლის თეორიებს, მსხვერპლთან მუშაობის მიზნებს, პრინციპებს, მეთოდებს და ტექნიკებს. შეისწავლეს ძალადობის მსხვერპლის უსაფრთხოების შეფასება და უსაფრთხოების გეგმის შედგენა, მოძალადესთან მუშაობის მიზნები, პრინციპები, მოძალადის ინტერვიუირება; მოძალადესთან მუშაობის მეთოდები, გენდერული როლები, სტერეოტიპები და თანასწორობა, გენდერის რაობა და ძირითადი ცნებები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევები საქართველოში - ძალადობის ფორმები/გამოვლინებები, სტატისტიკა, მიზეზები და შედეგები.
თეორიული მასალის მოსმენის გარდა, ძირითადი ფოკუსი გაკეთდა დისკუსიებსა და ღია მსჯელობებზე, ჯგუფურ სავარჯიშოებზე, პრეზენტაციებსა და ფილმის ჩვენებებზე. აღნიშნული აქტივობების ფარგლებში მონაწილეებს მიეცათ საშუალება მაქსიმალურად ჩართულიყვნენ სხვადასხვა თემის განხილვაში, მოესმინათ არგუმენტები და განევითარებინათ თავიანთი მსჯელობა.
ტრენინგს წარუძღვნენ ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის ექსპერტები ნანა ვაშაკიძე და გულნარა სამუშია, ასევე სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ანა ლობჟანიძე.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მისიის მონაწილე სამხედრო პირებთან და მათ ოჯახებთან მომუშავე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების სენსიტიურობის გაზრდა გენდერთან და ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე მათი ცნობიერების ამაღლება ძალადობის გამომწვევ მიზეზებზე და ცოდნის გაღრმავება მოძალადესთან და მსხვერპლთან მუშაობის მეთოდოლოგიურ ასპექტებზე. აღნიშნული ტრენინგი აამაღლებს სამხედრო პირებს შორის ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმირებულობის დონესა და ხელს შეუწყობს მსგავსი შემთხვევების პრევენციას.