სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის სალექციო კურსი სტუდენტებისთვის
სახალხო დამცველის აპარატი ადამიანის უფლებების შესახებ განათლების ხელშეწყობისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით თანამშრომლობს აკადემიურ წრეებთან. უმაღლეს სასწავლებლებში სალექციო კურსებისა და კონფერენცია–სემინარების მეშვეობით ყალიბდება კავშირი მეცნიერულ თვალთახედვასა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ პრაქტიკულ შემთხვევებსა და რეალობას შორის. სწორედ ამ მიზნით, 2017 წლის 24-25 მაისს, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებით, თსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა ლექციები ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა - ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობა კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების კუთხით; ეროვნულ/ეთნიკურ/რელიგიურ უმცირესობათა დაცვის მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა/ძირითადი გამოწვევები; დისკრიმინაციის შემთხვევები და მათზე რეაგირება (დისკრიმინაციის ცნება და ფორმები; დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მნიშვნელობა და სხვა.); მოქალაქეთა უფლებები პოლიციასთან მიმართებაში (ნარკოპოლიტიკის კუთხით არსებული გამოწვევები, ე.წ. ქუჩის ნარკო-ტესტირება და ა.შ.).
ლექციებს წარუძღვნენ სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გვანცა ჩხაიძე, თანასწორობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტები: მარიამ გაიპარაშვილი და მარიეტა ახვლედიანი, ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენელი ბექა მინდიაშვილი და სახალხო დამცველის მთავარი მრჩეველი კონფლიქტურ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში მედეა ტურაშვილი.
ლექციების დროს განიხილეს ადამიანის უფლებათა დარღვევის კონკრეტული მაგალითები და მათზე რეაგირების პრაქტიკა, სახალხო დამცველის მანდატი და მისი როლი უფლებადარღვევების პრევენციის საქმეში. სტუდენტებს მიეცათ საშუალება აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკული შემთხვევებისა და კაზუსების ანალიზით გაემყარებინათ. მსგავსი ლექციები ადამიანის უფლებათა სხვადასხვა თემატურ საკითხზე კვლავაც გაგრძელდება მომავალში უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის.