ახალი ამბები

სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის „კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“

2018 წლის 25 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წარმოადგინა სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის „კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“.

კვლევა, რომელიც დანიის ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტის (DIHR) დაფინანსებით განხორციელდა, მოიცავს ადამიანის უფლებათა სწავლების კუთხით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს - სასწავლო პროგრამების, ზოგადი განათლების შესახებ რეგულირების ჩარჩოს, სკოლების სასწავლო კლიმატისა და სკოლების მართვის/ადმინისტრირების პრაქტიკის მიმართულებებით.

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების და მათ შორის, ზოგადი განათლების საფეხურზე სწავლების ხელშეწყობის მიზნით, სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიამ 64 საჯარო და კერძო სკოლაში მთელი საქართველოს მასშტაბით რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა განახორციელა. ინტერვიუები ჩაუტარდა სამ სამიზნე ჯგუფს: 7-12 კლასის მოსწავლეებს, იმ საგნების პედაგოგებს, რომელთა სასწავლო პროგრამაც მოიცავს ადამიანის უფლებების ასპექტებს და სკოლების ადმინისტრაციას (სულ 1480 ინტერვიუ).

შეხვედრის გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ზოგადი განათლების საფეხურზე ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს დახვეწის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიმართულებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, სასწავლო პროგრამებში ადამიანის უფლებებს ჯერ კიდევ მოკრძალებული ადგილი უკავია და ძირითადად საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგის საგნებშია ასახული.

„ადამიანის უფლებების სფეროში ცოდნისა და ინფორმირებულობის დაბალ ხარისხს, ძირითადად, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს; ერთი, რომ უმაღლეს სასწავლებლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მომავალი მასწავლებლებისთვის განათლების პროგრამები სრულყოფილად შემუშავებული არ არის; და მეორე – ამ მიმართულებით პროფესიული განვითარების შესაძლებლობა მასწავლებლებს არც შემდგომ ეძლევათ.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მცირე დრო ეთმობა ადამიანის უფლებების შესახებ განათლებას და ჩაღრმავებულმა ინტერვიუებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ მოსწავლეთა ცოდნა ამ სფეროში, უმეტეს შემთხვევაში, ზედაპირულია. მიმაჩნია, რომ სასკოლო ასაკში ადამიანის უფლებების შესახებ ძირითადი ფაქტების შესასწავლად და პრაქტიკაში მათ დასანერგად მნიშვნელოვანია სასკოლო გარემო, რომელიც ადამიანის უფლებებზე იქნება დაფუძნებული, ანუ კლიმატი, სადაც ცოდნასთან ერთად მნიშვნელოვანი ხდება, მოსწავლეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ჩამოიყალიბონ და გამოიყენონ საკუთარი და სხვა ადამიანის უფლებების დასაცავად აუცილებელი პრაქტიკული უნარები“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ადამიანის უფლებათა განათლების სფეროში მომუშავე დამოუკიდებელი ექსპერტები.

სახალხო დამცველმა განათლების სფეროში ჩართულ ყველა ინსტიტუციას, სახელმწიფო უწყებებსა და არასამთავრობო სექტორს თანამშრომლობის სრული მზაობა განუცხადა, რათა ერთობლივი ძალისხმევით გაუმკლავდნენ მოზარდთა აღზრდისა და განათლების კომპლექსური პრობლემებს.

შეხვედრის დასასრულს გამართულ დისკუსიაზე კვლევის შედეგები და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით სამოქალაქო განათლებაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის შემუშავებული რეკომენდაციები განიხილეს; ასევე სამომავლო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს.



სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის „კვლევა ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასწავლო გარემოს შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში“  25.06.18

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)