ახალი ამბები

სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიშის პრეზენტაცია

2015 წლის 4 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლებს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში გააცნო და 900 გვერდიანი დოკუმენტის მოკლე ვერსია წარმოადგინა.

პრეზენტაციაზე მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და ღირებულია ანგარიშში მოყვანილი საკითხები, ამიტომ მხარს უჭერს სახალხო დამცველის აპარატს და ეს მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება.

ღონისძიებაზე სახალხო დამცველმა მიმოიხილა სამოქალაქო-პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების ფართო სპექტრი და ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებული ძირითადი, უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები; ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე. აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განსაკუთრებულად იზრდება მოქალაქეთა მომართვიანობა, რაც სახალხო დამცველის ინსტიტუციის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

ანგარიში 33 თავისგან შედგება, რომელთაგან 7 მიმართულება პირველად მოხვდა სახალხო დამცველის შესწავლის არეალში. ესენია: მიგრანტთა დაცვა არასათანადო მოპყრობისგან, საქართველოს სახალხო დამცველის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა, დისკრიმინაციის აკრძალვა, საარჩევნო უფლება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება და უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა.

პრეზენტაციის შემდგომ გამართულ დისკუსიაზე სახალხო დამცველმა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების კითხვებს უპასუხა.

საუბარი შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებულ კანონთა იმპლემენტაციის აუცილებლობას; ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას; ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობასა და სასწავლო დაწესებულებების მონიტორინგს; სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის ფაქტებს; წამალდამოკიდებულ პირთათვის სარეაბილიტაციო პროგრამების სიმწირეს; უსახლკაროთა პრობლემებს და სხვა.

რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობაზე საუბრისას სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ არის მთელი რიგი საკითხები, რომელთა შესრულების ნაცვლად, სახელმწიფო უწებები დროებითი ზომების მიღებით შემოიფარგლებიან, რაც სახალხო დამცველისთვის არადამაკმაყოფილებელია.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სახალხო დამცველის მონაწილეობამ ეკომიგრანტთა შესახებ კანონის შემუშავების პროცესში. აღინიშნა, რომ აპარატი აქტიურად იყო ჩართული სამუშაო კომისიაში, თუმცა ფინანსების უქონლობის გამო, კანონის განხილვა შეჩერდა. სახალხო დამცველის აზრით, მიუღებელია ადამიანის უფლებათა დაცვისათვის აუცილებელი ღონისძიებების შეჩერება და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ვალდებულია თავისი შესაძლებლობების მიხედვით, მუდმივად გადადგას გარკვეული ნაბიჯები ვითარების გამოსასწორებლად.

პრემიერ–მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პრემიერ–მინისტრის აპარატი მჭიდროდ ითანამშრომლებს სახალხო დამცველთან ადამიანის უფლებათა 2016–2017 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.

თანამშრომლობის გაგრძელებასა და სახალხო დამცველის აპარატის ნაყოფიერ მუშაობაზე ისაუბრა საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ალესანდრო სავარისმა.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა“ დაფინანსებით გაიმართა. დისკუსიას მოდერაცია პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა თამარ ხიდაშელმა გაუწია.

იხილეთ ანგარიშის პრეზენტაციის ელექტრონული ვერსია


4.06.15


სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)