სახალხო დამცველი ზემო აჭარის მოსახლეობას შეხვდა
სახალხო დამცველმა ხულოსა და ხელვაჩაურის რაიონების სოფლები ღურტა, ღორჯომი და კირნათი მოინახულა და მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. ზემო აჭარაში მცხოვრებთა უმრავლესობა მთის კანონის დროულად მიღებას ითხოვს, რაც ადგილობრივების თქმით, მათ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს. განუვითარებელი ინფრასტრუქტურა, უმუშევრობა, სოციალური სიდუხჭირე და მიგრაციის მაღალი დონე ხელისფლების მხრიდან სასწრაფო რეაგირებას საჭიროებს.
მოსახლეობას კონკრეტული პრეტენზიები აქვს აჭარაში, ჰესების მშენებელ კომპანიასთან. მათი თქმით არ არის დაცული შრომის უსაფრთხოება, დაუბალანსებელია ხელფასები, ხოლო მშენებლობის პროცესში არ ხდება ადგილობრივთა ინტერესების გათვალისწინება.
სახალხო დამცველმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ჰესების მშენებლობით გამოწვეული გარემოზე ზემოქმედების ზიანის შესახებ; ასევე, უცნობია კერძო კომპანიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები.
წლების განმავლობაში მიწის რეფორმის არასრულყოფილად ჩატარების გამო, აჭარის რეგიონში განსაკუთრებული სიმწვავით დგას მიწების საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხი. ამ კუთხით ხაზგასასმელია საზღვრისპირა სოფელი კირნათის პრობლემა, სადაც ერთი მხრივ მიწასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია ხარვეზებითა და არასრულად არის შედგენილი, ხოლო მეორე მხრივ, საკარმიდამო და სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთების გარკვეული ნაწილი სასაზღვრო ზოლშია მოქცეული. შესაბამისად, მოსახლეობას შეზღუდული აქვს მიწის საკუთრებში რეგისტრაციის უფლება. ვინაიდან საქმე ეხება სასაზღვრო ზოლში მდებარე დასახლებას, სოფელი კირნათი სახელმწიფოს განსაკუთრებულ მიდგომასა და ყურადღებას საჭიროებს.
კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება ეკომიგრანტების საკითხი, რომლებსაც ამ დრომდე არა აქვთ შესაბამისი საცხოვრებელი პირობები. აჭარის მთელ რეგიონში არ არის სრულყოფილი საინფორმაციო ბაზა, სადაც სტიქიით დაზარებული პირები იქნებიან დარეგისტრირებული. სახალხო დამცველის რეკომენდაციით, აუცილებელია ბაზების შედგენა/განახლება და ეკომიგრანტთა პრობლემების გადასაჭრელად ერთიანი სტრატეგიის შემუშავება.
სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ხულოს გამგებელთან ბესიკ ბუაჩიძესთან გამართულ შეხვედრაზე ზოგადად ზემო აჭარაში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
აჭარის საკითხის ზედმიწევნით შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი შესაბამის უწყებებისთვის სპეციალურ რეკომენდაციას მოამზადებს. ასევე მოხდება იმ ინდივიდუალური საჩივრების შესწავლა, რომელიც სახალხო დამცველსა და მოსახლეობას შორის გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა.