სახალხო დამცველი ყოფილი მოსამართლეებისათვის განსხვავებული ოდენობის კომპენსაციის დანიშვნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს
2017 წლის 23 ივნისს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლითაც სადავოდ მიიჩნია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 27 ნოემბრის საქართველოს კანონის მე–2 მუხლისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–12 მუხლის მე–2 პუნქტის კონსტიტუციურობა.
საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით,„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპენსაცია არ გავრცელდა ყოფილ მოსამართლეთა გარკვეულ კატეგორიაზე, რაც მათ არახელსაყრელ სამართლებრივ და მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიური სტატუსის მქონე საერთო სასამართლოს იმ მოსამართლეებთან შედარებით, რომელთაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ 2012 წლის 1 სექტემბრამდე და 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, რასაც არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ხოლო გამოყენებული საშუალება დასახული მიზნის არაპროპორციულია.
საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სოციალური გარანტიის დაცვის თვალსაზრისით, ანალოგიურ გარემოებებში მყოფი საერთო სასამართლოს მოსამართლეთა შორის დიფერენცირება დისკრიმინაციული ხასიათის მატარებელია, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–14 მუხლისა და 21–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების დარღვევას.