სახალხო დამცველი ხორავას ქუჩის საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმიანება
სახალხო დამცველი გაეცნო ხორავას ქუჩაზე ჩადენილი მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვანის მიმართ გამოტანილ განაჩენს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენმა ცალსახად გამოკვეთა სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილი გამოძიებაში არსებული ხარვეზები, რომელთა შედეგადაც პროკურატურამ ვერ უზრუნველყო გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი 2018 წლის 31 მაისს გამოიტანა, ხოლო განაჩენის სრულ ვერსიაზე 14 ივნისს დაასრულა მუშაობა, სადაც დაასაბუთა თავისი გადაწყვეტილება. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სრულად გაეცნო განაჩენს და მიაჩნია, რომ იგი დასაბუთებულია და კანონის მოთხოვნათა დაცვით არის მიღებული.
განაჩენი საკმაოდ დეტალურ და ამომწურავ მსჯელობას შეიცავს. მასში გაანალიზებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა და პარალელურად, ყველა სამართლებრივი საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის შესაბამისად არის გადაწყვეტილი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის განაჩენი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მნიშვნელოვანია არასრულწლოვან დავით სარალიძის მკვლელობის ყველა დეტალის ეფექტური გამოძიება. სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ჩაატაროს სწრაფი და ყოველმხრივი გამოძიება, რათა გამოავლინოს დანაშაულთან დაკავშირებული ყველა პასუხისმგებელი პირი. ასევე, გამოავლინოს ის პირები, რომელთაც ხელი შეუშალეს გამოძიების სათანადოდ წარმართვას.
ამ კონკრეტული საქმის განხილვის ფონზე, განაჩენმა ნათლად დაგვანახა სკოლაში ბავშვთა ბულინგისა და ძალადობის დაცვის ეფექტიანი მექანიზმის არარსებობაც. დასტურდება, რომ სკოლაში ბავშვთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ დაკისრებული მოვალეობების ეფექტიანი შესრულება სისტემური რეფორმის გატარებას მოითხოვს, რათა სამომავლოდ არასრულწლოვნებს შორის ძალადობა მინიმუმამდე შემცირდეს და თავიდან ავიცილოთ მსგავსი ფატალური შემთხვევები.