სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე მომხდარი ფაქტის სასამართლო განხილვას აკვირდება
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მწუხარებას გამოხატავს 2017 წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი მოზარდების გამო. როგორც სახალხო დამცველმა უფლებამოსილების შესრულების დაწყების პირველივე დღეს საჯაროდ განაცხადა, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა შორის მომხდარი ფაქტი ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმეა, რომლითაც სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაიწყო აღნიშნული საქმის არსებითი განხილვა, დახურულ რეჟიმში. შესაბამისად, საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, არასრულწლოვან ბრალდებულთა და დაზარალებულთა ინტერესების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა 2018 წლის 7 თებერვალს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღევანდელ სხდომაზე განიხილა მოცემული მიმართვა და სახალხო დამცველს პროცესზე დასწრების უფლება მისცა. სახალხო დამცველი მიესალმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და მას მნიშვნელოვნად პოზიტიურ ნაბიჯად მიიჩნევს მართლმსაჯულების მიმართ ნდობის ამაღლების მიზნებისთვის.
სახალხო დამცველი და მისი აპარატი სისტემატიურად მიადევნებენ თვალყურს საქმის განხილვას და როგორც ნეიტრალური სუბიექტი, დააკვირდებიან სასამართლო პროცესს.