წინადადება ხორავას ქუჩის გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ
სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას ჩაატაროს ეფექტური გამოძიება სიცოცხლის ხელყოფის ნებისმიერი შემთხვევის მიმართ, რაც დანაშაულში პასუხისმგებელი ყველა პირის გამოვლენის მიზნით აქტიური საგამოძიებო მოქმედებების წარმართვას გულისხმობს.
სახალხო დამცველმა შეისწავლა ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმე და გამოძიებაში არაერთი ხარვეზი გამოავლინა, რომელთა შედეგადაც საგამოძიებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს გარდაცვლილი დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსთვის წარდგენა.
ჩვენი მოსაზრებით, ის ფაქტი, რომ სახელმწიფომ ბოლომდე ვერ შეასრულა დაკისრებული პროცედურული ვალდებულება – ჩაეტარებინა ეფექტიანი და სრულყოფილი გამოძიება, შეიძლება გახდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრული სიცოცხლის უფლების ხელყოფის საფუძველი.
საქმის მასალების საფუძვლიანად შესწავლასთან ერთად, სახალხო დამცველმა მოისმინა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ პროკურორთა და გამომძიებელთა დაკითხვები. ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და კომისიის სხდომაზე დაკითხვისას გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ საგამოძიებო ტაქტიკაზე გაცემული პასუხების ერთობლივი ანალიზით სახალხო დამცველი მივიდა დასკვნამდე, რომ გამოძიების ტაქტიკა შესაძლოა არ ემსახურებოდა დამნაშავეთა სრულად გამოვლენის საჯარო ინტერესს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიებაზე პასუხისმგებელ პირთა წრის მიერ[1] კომისიის სხდომაზე გაცემული პასუხები არ იყო დასაბუთებული შემდეგ შეკითხვებზე: რატომ არ ჩაატარა, ან რატომ ჩაატარა დაგვიანებით კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები; რატომ არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები მთავარი ფიგურანტების მიმართ, რომელიც სხვა პირების და მათ შორის, შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურანტების მიმართ ჩაატარა. სახალხო დამცველის აპარატისთვის გაუგებარია კერძოდ რა სტრატეგია და ლეგიტიმური მიზანი განაპირობებდა გამოძიების პასიურობას სხვადასხვა მიმართულებით.
ჩაუტარებელი ან დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ჩამონათვალი
გამოძიებამ არ ჩაატარა ან დაგვიანებით ჩაატარა ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დამნაშავეთა გამოსავლენად შედარებით და გაცილებით მაღალ ალბათობას შექმნიდა:
- არ იქნა დოკუმენტირებული ფარდულის ზუსტი პარამეტრები, რასაც შემდგომში ფარდულის დემონტაჟი მოჰყვა. ამ გარემოებამ ხელი შეუშალა შემთხვევის ადგილის, როგორც მტკიცებულების შენარჩუნებას;
- არ გაიჩხრიკა და არ იქნა ამოღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის მ.კ.–ს ტანსაცმელი; გამოძიებას არც ტანსაცმლის მოპოვების მცდელობა – სახლის ჩხრეკა ჩაუტარებია; [2]
- არ იქნა აღებული მ.კ.–ს ფრჩხილის ნიმუშები;[3]
- არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის გ.მ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი;[4]
- არ იქნა აღებული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილის დ.ღ.–ს ფრჩხილის ნიმუშები და ანაწმენდი;[5]
- არ ჩატარდა ფარული საგამოძიებო მოქმედება: ჩხუბის მონაწილეების – მ.კ.–ს, დ.ღ.–ს და თ.ნ.–ს ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა[6];
- არ იქნა მყისიერად მოპოვებული და შესწავლილი ტელეფონები და ტელეფონებით განხორციელებული კომუნიკაცია იმ პირებს შორის, რომლებსაც ჰქონდათ დანაშაულამდე და დანაშაულის შემდეგ კომუნიკაცია როგორც ერთმანეთში, ისე გარეშე პირებთან (გ.მ., ა.დ., ა.ს., თ.ჩ., დ.ღ., ლ.კ., თ.კ., მ.ს., მ.ს.–ს მეუღლე);
- გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.;
- გამოძიებისას არ იქნა დაკითხული მ.ს.–ს მეუღლე თ.კ. და მეუღლის და ლ.კ.;
- გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა მყისიერად შესწავლილი-დათვალიერებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერები (მხოლოდ შენახვის შესახებ გაფრთხილება იქნა მიცემული);
- არ ჩატარდა მოწმეთა გამოკითხვა ფარდულში მყოფი ყველა პირის როლის, განლაგების და მოქმედებათა ქრონოლოგიის დეტალური დაზუსტებისთვის;
- გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე დ.ღ. – იგი მხოლოდ 13 დღის შემდეგ დაიკითხა;
- გამოძიების პირველივე დღეებში არ იქნა დაკითხული ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე თ.ნ. – იგი მხოლოდ 15 დღის შემდეგ დაიკითხა;
- გამოძიების პირველივე დღეებში არ ჩატარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ზურგში მიღებული დაზიანებისთვის გ.მ.–ს ექსპერტიზა დაჭრის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის შემდეგ დაინიშნა;
- არ დაიწყო და წარიმართა გამოძიება გ.მ.–ს სხეულის დაზიანების ფაქტზე, მიუხედავად იმისა, რომ 2 დეკემბერს გამოძიებამ იცოდა დაზიანების შესახებ და იმ დროისთვის უკვე არსებული საქმის მასალებით ფაქტის ჩამდენი პირის იდენტიფიკაციაც გონივრულად შესაძლებელი იყო;
- არ ჩატარდა ფარული მიყურადება მ.ს-ს, მისი მეუღლის, დანაშაულის ინციდენტში მონაწილე პირების: ა.ს.–ს, მ.კ.–ს, გ.მ.–ს, დ.ღ.–ს, გ.ი.–ს, თ.ნ.–ი და ა.ს.–ს მიმართ.
არაეფექტიანი გამოძიების სამართლებრივი შედეგები შიდა სამართლებრივი და ევროპული უფლებრივი სტანდარტების მიხედვით
ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში წარმოდგენილია ის ძირითადი ხარვეზები, რომელთა ჩაუტარებლობა, დაუსაბუთებელი პასუხების გამო, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოშობს ლეგიტიმურ ეჭვებს, რომ გამოძიების ტაქტიკა არ იყო ეფექტური. შედეგად მივიღეთ არაეფექტური გამოძიება, რაც ადამიანის ძირითადი უფლების დარღვევის საფუძველია.
სახალხო დამცველის აპარატის შემოწმების შედეგებით იკვეთება რომ სახეზეა სამოხელეო დანაშაულის ერთ–ერთი ან ორივე შემადგენლობა: სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, იმის მიხედვით სუბიექტური მხარის რა ნიშნები იკვეთება ქმედებათა უკან – განზრახ არაეფექტიანი გამოძიება თუ გაუფრთხილებლობით, არაპროფესიონალური მიდგომა ან/და ზერელე დამოკიდებულება დაკისრებული უფლება–მოვალეობების შესასრულებლად.
სტრასბურგის სასამართლომ არაერთ საქმეზე იმსჯელა და არაეფექტიანად ჩათვალა გამოძიება იმ საფუძვლით, რომ შესაძლო და გადაუდებელი მტკიცებულებები დროულად ან საერთოდ არ იქნა მოპოვებული, შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა სიცოცხლის უფლების დარღვევა, ვინაიდან სახელმწიფომ ვერ შეასრულა პროცედურული ვალდებულება.[7] სასამართლომ ასევე ნათლად განაცხადა, რომ პროცედურული ვალდებულება აკისრია სახელმწიფოს არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანის უშუალო სიკვდილში სახელმწიფოს წარმომადგენელია თავად დამნაშავე, არამედ განზრახი მკვლელობის ნებისმიერ სხვა შემთხვევაში.[8]
ევროპული სასამართლო აცხადებს, რომ ეფექტური გამოძიების ვალდებულება, რომელიც აკისრია სახელმწიფოს, არ ნიშნავს შედეგის – დამნაშავეთა გამოვლენის უპირობო მიღწევას, არამედ ყველა შესაძლებლობების გამოყენებას;[9] სახელმწიფომ უნდა გადადგას ყველა გონივრული ნაბიჯი საიმისოდ, რომ მოიპოვოს დანაშაულთან კავშირში მყოფი მტკიცებულება.[10] გამოძიების ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ამცირებს სიკვდილის გარემოების და პასუხისმგებელი პირის გამოვლენის შესაძლებლობას, ეფექტიანი გამოძიების სტანდარტის მიუღწევლობის რისკს ქმნის .[11]
რამდენადაც არაერთ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა სწორედ იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა გადაუდებელი, შესაძლო და გონივრული საგამოძიებო მოქმედებები მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, ესე იგი ცალსახაა, რომ ამგვარი მოქმედებების ჩაუტარებლობა კანონდარღვევაა და სახეზეა შესაბამისი სამოხელეო დანაშაული.
სახელმწიფომ, აუცილებელია ადეკვატური ნაბიჯები გადადგას საიმისოდ, რომ გამოავლინოს და შესაბამისად დასაჯოს ყველა ის პირი, რომელთა მიზანმიმართულმა და შეთანხმებულმა ან/და გაუფრთხილებელმა ქმედებებმა საბოლოოდ გამოიწვია სიცოცხლის უფლების დარღვევა.
ამ კონკრეტული გამოძიების ფარგლებში სამსახურებრივი გულგრილობის ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ჩამდენ დამნაშავეთა გამოვლენა სახელმწიფოს მიერ გონივრულად გადადგმულ ნაბიჯად ჩაითვლება, რამდენადაც ამგვარ პასუხისმგებლობას არაეფექტიანი გამოძიების შემდგომი შემთხვევებისთვის პრევენციული გავლენა ექნება.
დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21–ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს საქართველოს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება დანაშაულის ფაქტზე, რომელიც სავარაუდოდ ჩადენილია გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ცალკეული დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის არიდების მიზნით ან/და მოვალეობების შესრულების მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით.
საქართველოს მთავარი პროკურატურა ვალდებულია განიხილოს სახალხო დამცველის წინადადება და განხილვის შედეგები სახალხო დამცველს აცნობოს 20 დღის ვადაში.
სახალხო დამცველი. პრესკონფერენცია ხორავას ქუჩის საქმეზე
[1] კომისიის სხდომაზე დაიკითხნენ: თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსიზვიად ფხაკაძე, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსიკახაბერ სირაძე; შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსიშალვა ბედოიძე, შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსიიოსებ სიგუადა შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელიირაკლი ფიფია http://parliament.ge/ge/saparlamento-saqmianoba/komisiebi-da-sabchoebi-8/fact-finding-commission/anonsi/7-ivlisi-komisia-2018.page
[2] აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ინციდენტის სხვა მონაწილეების, მათ შორის იმ პირების მიმართ, რომლებსაც ნაკლები შემხებლობა ჰქონდათ უშუალოდ დანაშაულთან.
[3] იხილეთ მე–2 სქოლიო.
[4] იხილეთ მე–2 სქოლიო.
[5] იხილეთ მე–2 სქოლიო.
[6] საინტერესოა, რომ აღნიშნული მოქმედება ჩატარდა გ.ბ-ს, გ.მ.-სა და ა.დ.-ს მიმართ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედების ჩატარების პრაქტიკა, თავისი შინაარსით სახალხო დამცველის შესწავლის საგანი გახდება ადამიანის უფლებების თვალსაზრისით.
[7] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება MİHDİ PERİNÇEK v. TURKEY, 29/05/2018, პარ 69–81; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება CASE OF MURADYAN v. ARMENIA 24/11/2016 პარ 137-154; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება CASE OF BAŞBİLEN v. TURKEY, 26/04/2016, პარ 71-83.
[8] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, Šilih v. Slovenia,, 09/04/2009, პარ 156-57; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება YASA v. TURKEY, 2/09/1998, პარ 100, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება SUHEYLA v. TURKEY, 24/05/2005, para164.
[9] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება CASE OF AGARKOVA v. RUSSIA; 15/05/2018, პარ 57; CASE OF LEONIDIS v. GREECE 08/01/2009, პარ 68.
[10] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება PAUL AND AUDREY v. THE UNITED KINGDOM, ECHR 2002‑II პარ 71.
[11] იქვე.