სახალხო დამცველი ტყიბულის შახტაში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება
2018 წლის 5 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ტყიბულში, მინდელის სახელობის ქვანახშირის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 3 დაშავდა. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში მოინახულა დაშავებული ორი მაღაროელი. სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. მნიშვნელოვანია დაწყებული გამოძიების დროულად და ეფექტიანად წარმართვა.
სახალხო დამცველმა 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაანალიზა მსგავსი კატეგორიის საქმეების გამოძიების მიმდინარეობის სტატისტიკური მონაცემები და სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთა შესახებ ინფორმაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით დადგინდა, რომ 2017 წლის განმავლობაში წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შესახებ დაწყებული გამოძიების 128 შემთხვევიდან სასამართლოში წარიმართა მხოლოდ 11 საქმე, გამოძიება შეწყდა 36 შემთხვევაში, 81 შემთხვევაში კი გამოძიება გრძელდებოდა. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის პირველი იანვრიდან 2017 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევის ფაქტებთან დაკავშირებით საერთო სასამართლოებში განხილული 90 საქმის ფარგლებში რეალური სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ 3 შემთხვევაში განისაზღვრა. არსებითი განხილვის შედეგად, გამამტყუნებელი განაჩენი დადგა კიდევ 20 საქმეზე. საქმეთა 72,2% (65 საქმე), არსებითი განხილვის გარეშე – საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. 1 საქმესთან დაკავშირებით ბრალდებული პირი გამართლდა, 1 საქმე კი, განრიდების გამოყენების მიზნით, პროკურატურას დაუბრუნდა. დაკისრებული ჯარიმის ოდენობა 500-დან 5000 ლარამდე მერყეობს. აღნიშნული მონაცემებით გამოძიების გაჭიანურებისა და გამოძიების ფარგლებში შედეგის დადგომის პრობლემა იკვეთება. მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების წესები მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის პერიოდში მიღებულ ნორმებში მოიპოვება, ამასთან, უსაფრთხოების წესები გაბნეულია სხვადასხვა საწარმოო პროცესის მარეგულირებელ სპეციალურ აქტებში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მიღებული „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის თანახმად, ზედამხედველ ორგანოს ენიჭება უფლებამოსილება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე (კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში) შეამოწმოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის მდგომარეობა და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, გამოიყენოს სანქციები. კანონით გათვალისწინებული სანქციები 2018 წლის 1 აგვისტოდან ამოქმედდება. მომავალში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად, მნიშვნელოვანია აღნიშნული კანონის ეფექტიანი აღსრულება.
სახალხო დამცველი მიადევნებს თვალყურს აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას, ასევე, ზემოხსენებული კანონის აღსრულების პროცესს.