სახალხო დამცველი შვეიცარიის ელჩს შეხვდა
2015 წლის 3 დეკემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და სახალხო დამცველის მოადგილეები პაატა ბელთაძე და ნათია კაციტაძე შვეიცარიის ელჩს ლუკას ბეგლინგერს შეხვდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ომბუდსმენმა შვეიცარიის ელჩს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიმდინარე დადებითი ტენდენციები და არსებული გამოწვევები გააცნო.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი სახალხო დამცველის რეკომენდაციების უგულებელყოფის ხშირ ტენდენციას; პროკურატურისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებსა და მათი გამოძიების ხარვეზებს, ასევე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას, რომლებსაც სახალხო დამცველი უკვე ორი წელია ითხოვს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის პროცესს და ამ კუთხით არსებულ საკანონმდებლო ხარვეზებს. შრომის ინსპექციის შექმნის და ზოგადად შრომითი უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველმა გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისა და უსაფრთხოების გარანტიების არარსებობაზე ისაუბრა. განსაკუთრებით აღნიშნა გალის რაიონში მშობლიურ (ქართულ) ენაზე განათლების უფლების შეზღუდვის საკითხი და ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობისა და საქართველოს ხელისფლების ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას საქართველოში არსებული კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და კონფლიქტით დაშორიშორებულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში.
სახალხო დამცველმა ელჩთან ახლადშექმნილი ადამიანის უფლებათა აკადემიის შესახებაც ისაუბრა. ასევე მიაწოდა ინფორმაცია ცხელი ხაზის ამოქმედების თაობაზე, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს უფლებათა დარღვევების შემთხვევების თაობაზე ომბუდსმენის აპარატს 24 საათის განმავლობაში აცნობონ და რეაგირება მოითხოვონ.