სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
2018 წლის 14 მაისს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, მოძრაობა „თეთრი ხმაურისა“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდა და 12 მაისს პოლიციის მიერ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ირგვლივ არსებული საკითხები განიხილა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მინისტრის დაპირებისამებრ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ომბუდსმენის აპარატს სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეო მასალას გადასცემს, რაც სახალხო დამცველის აპარატს ძალის გადამეტების თითოეული შემთხვევის შესწავლის საშუალებას მისცემს. ამასთან, ნინო ლომჯარიამ აქციის ორგანიზატორებს ძალის გადამეტების თითოეულ ფაქტზე აპარატში განცხადების შემოტანა შესთავაზა.
შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება 2 ჯგუფი, რომელთაგან ერთი ნარკოპოლიტიკის საკანონმდებლო რეფორმაზე იმუშავებს, ხოლო მეორე 12 მაისს განვითარებულ მოვლენების კანონიერებას შეისწავლის.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, წინასწარ გაცხადებული აქციების უსაფრთხოების საკითხს.