სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელ საბჭოს პასუხობს
2017 წლის 24 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ გამოაქვეყნა მიმართვა, რომელიც წარმოადგენს გამოხმაურებას სახალხო დამცველის 23 თებერვლის განცხადებაზე. გავრცელებულ ტექსტში არის რამდენიმე საკითხი, რასაც გვსურს ვუპასუხოთ მოკლედ, მხოლოდ ძირითად არგუმენტებზე მითითებით და პუნქტობრივად:
დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით დისკუსია სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას არ წარმოადგენს
აღმასრულებელი საბჭო თვლის, რომ სახალხო დამცველის მიერ გადაცემების დახურვის საკითხზე გამოთქმული მოსაზრებები სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის „განცდას“ აჩენს, რაც საფუძველს მოკლებულად მიგვაჩნია. ამ სახის განცხადებაში შესაძლოა რეალურად იკითხებოდეს სურვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმა წარიმართოს დაინტერსებული მხარეების გარეშე, მათი აღნიშნული პროცესისაგან დისტანცირებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იმოქმედებს იზოლაციაში, ის ინტერაქციაში უნდა იყოს დაინტერესებულ მხარეებთან, ხოლო რეფორმები უნდა იყოს ინკლუზიური დემოკრატიული პროცესის შედეგი.[1] სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამული პრიორიტეტების (გვ.3) მიხედვით, „თავისი მიზნების მისაღწევად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნდა ითანამშრომლოს [...] განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა დაცვაზე მომუშავე ჯგუფებთან და ინსტიტუციებთან /მათშორისსახალხოდამცველისოფისთან/.“ ამავდროულად აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი მოქმედებს კონსტიტუციითა და კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, მათ შორის პოლიტიკური სუბიექტებისაგან.
გადაცემები მხოლოდ რეიტინგით არ უნდა შეფასდეს
აღმასრულებელი საბჭოს განცხადებით, გადაცემების შესაფასებლად რეიტინგის გარდა სხვა კრიტერიუმები ვერ იქნება გამოყენებული. მათ არარელევანტურად მიაჩნიათ გადაცემების ხარისხის კვლევის ჩატარება, ხოლო დაბალი ყურებადობის გადაცემების გავლენის შეფასებაზე საუბარიც კი – არაპროფესიონალურად.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში, გადაცემების გარკვეული ნაწილი შეფასდა საექსპერტო და თვისებრივი პანელური კვლევებით, თუმცა, რეიტინგის კრიტერიუმთან ერთად აღმასრულებელ საბჭოს ისინი მხედველობაში არ მიუღია. რაც შეეხება გადაცემების დაბალი ყურებადობის გამო მათი გავლენის შეფასების არაპროფესიონალურად მიჩნევას, უნდა ითქვას, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლობა ესაა მაუწყებლობა „ყველასათვის“ და „თითოეულისათვის“.[2] სამეურვეო საბჭოს განმარტებით, ზეგავლენა ეს არის ის ზოგადი სარგებელი, რომელიც მაუწყებელს მოაქვს (1) საზოგადოებისათვის და (2) თითოეული ადამიანისათვის. აქედან გამომდინარე, ზეგავლენის შეფასების ავტომატურად გამორიცხვა დაბალი ყურებადობის გამო, წინააღმდეგობაშია თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეასთან და მცირე აუდიტორიას ტოვებს უკუკავშირის გარეშე.
აქვე, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ რეიტინგის ქონა მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი. ნაკლები რეიტინგულობის გამო, კერძო მაუწყებლებმა შეიძლება არც დააფინანონ ისეთი შინაარსის გადაცემები, რომლებიც ორიენტირებულია ეთნიკურ, ლინგვისტურ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და უმცირესობათა სხვა ჯგუფებზე. ასეთ პროგრამების მიწოდება შესაბამისი აუდიტორიისათვის მაღალი მნიშვნელობისაა, რის გამოც ისინი საზოგადოებრივი მედიის ვალდებულებადაა მიჩნეული.[3]
რეიტინგის სანდოობა უნდა იყოს განხილვის საგანი
სახალხო დამცველის განცხადებაში მითითებული იყო, რომ საზოგადოებაში რეიტინგების სანდოობაზე კითხვები არსებობს. აღმასრულებელი საბჭო კი ამტკიცებს, რომ არ არსებობს საფუძველი რეიტინგის მთვლელის სანდოობაზე სასაუბროდ. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თავად აღმასრულებელი საბჭოს ერთ–ერთი წევრი საუბრობდა ამ მიმართულებით კითხვების არსებობაზე.[4]
რაც შეეხება მენეჯმენტის როლს დაბალი რეიტინგის არსებობაში, მათ მიერ გადაცემების სამაუწყებლო ბადეში განთავსების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების სახით, აღმასრულებელი საბჭო ამბობს, რომ ეს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, გადაცემების ყურებადობასთან კავშირში არ არის, ხოლო „2016 წელს, უაღრესად მნიშვნელოვანი სეგმენტ-ანალიზის საფუძველზე მოხდა სამაუწყებლო ბადის ფორმირება, რაც დაეფუძნა კვალიფიციურ და ძვირადღირებულ კვლევებს.“ მიგვაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მეტი დისკუსიაა საჭირო, ასევე, მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს აღნიშნული კვლევა და საზოგადოებისათვის გახდეს ნათელი, თუ რა ფაქტორებით ხელმძღვანელობდა მენეჯმენტი ბადის ფორმირების პროცესში და შეიძლება თუ არა ეს გადაწყვეტილება კავშირში იყოს დაბალ რეიტინგთან.
რაც შეეხება რეიტინგის დათვლასთან დაკავშირებულ გარემოებებს, ამჟამად ბაზარზე ორი მთვლელი კომპანიაა და რეიტინგების შესახებ მათი მონაცემები, როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული პირები უთითებენ,[5] არ ემთხვევა ერთმანეთს. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის განმავლობაში რეიტინგის დათვლა მაუწყებელს მხოლოდ 1000 ლარი უჯდება. მისი მოთხოვნით, შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობა, ე.წ. ფიფლმეტრები განთავსებული უნდა იყოს მინიმუმ 400 ოჯახში, ყველა არსებულ ტელევიზორზე. რეიტინგების მთვლელი კომპანიის[6] მიერ სატენდერო კომისიისათვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ მიერ შერჩეული ოჯახების რაოდენობა საქართველოს 7 ქალაქშია გადანაწილებული. რასაკვირველია, დისკუსიის საგანი უნდა იყოს, თუ რამდენადაა ამ გზით მიღებული მონაცემები საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ მათზე დაყრდნობით დაიხუროს ცალკეული გადაცემები.
შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობა სახალხო დამცველის შესწავლის საგანია
აღმასრულებელი საბჭო მიუთითებს, თითქოს სახალხო დამცველის განცხადებაში დაშვებულია ფაქტობრივი უზუსტობა თანამშრომლების ნაწილთან 1–თვიანი ხელშეკრულებების გაფორმების შესახებ, რაც არასწორია. სახალხო დამცველი მის განცხადებაში პირდაპირ მიუთითებს გავრცელებულ ინფორმაციაზე[7] და არ საუბრობს მტკიცებით ფორმაში. აღნიშნული საკითხი სახალხო დამცველის აპარატში ამჟამად შესწავლის ეტაპზეა, შესაბამისი ინფორმაცია გამოთხოვილია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან და მხოლოდ მასალების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ იქნება შესაძლებელი მისი საბოლოო შეფასება.
სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნული საკითხები პირისპირ განიხილოს როგორც აღმასრულებელ, ასევე სამეურვეო საბჭოსთან.
[1] ევროპის მაუწყებელთა კავშირი, „საზოგადოებრივი მედიის მმართველობის პრინციპები“, გვ. 8–9.
[2] ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა გენერალური დირექტორატის მედია განყოფილება, „საზოგადოებრივი მედია ინფორმაციულ საზოგადოებაში“, გვ. 23.
[3] იქვე.
[4] „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წლიდან ახალ მთვლელ კომპანიასთან გააფორმა ხელშეკრულება, თუმცა, მულტიმედია ბლოკის დირექტორის (თ.ბერძენიშვილი) განმარტებით, შეკითხვები მათ ამ კომპანიასთანაც აქვთ.“
[5] სამეურვეო საბჭოს წევრი სულხან სალაძე და გადაცემა „რეალური სივრცის“ წამყვანი ნინო ზაუტაშვილი, იხ. 03:00 წუთიდან: http://1tv.ge/ge/videos/view/179035/294.html
[6] შპს „ტრი მედია ინტელიჯენსი“
[7] საქართველოს მედიის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლის ლაშა მესხის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.