ახალი ამბები

სახალხო დამცველი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა

2015 წლის 27 ოქტომბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა და საქართველოს პრეზიდენტმა წამების კადრებთან დაკავშირებული გამოძიების საკითხზე და მათი გავრცელების პრევენციაზე ისაუბრეს.

სახალხო დამცველის განცხადებით აუცილებელია წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება მივიდეს ბოლომდე რადგან პროცენტულად მხოლოდ ერთეული საქმეების გამოძიებაა დასრულებული.

„აუცილებელია შეიზღუდოს იმ კადრების გავრცელება, რომელიც ბოლო პერიოდში გამოჩნდა, რადგან მას უკუეფექტი აქვს და შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო მეტ რისკებს აჩენს საზოგადოებაში დაძაბულობის კერების შექმნისა და ძალადობის ესკალაციის კუთხით“, – განაცხადა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ სახალხო დამცველმა.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და მოუწოდებს წამების ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოებას ანგარიში ჩააბარონ.

„მივმართავ ყველა სამართალდამცავ ორგანოს, გამომდინარე საზოგადოების მაღალი ინტერესიდან, ჩააბარონ ანგარიში საზოგადოებას, ამ კატასტროფულ ვიდეოებში ასახული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც, რამდენადაც ჩვენ ვხედავთ სისტემური იყო - რამდენი ადამიანის მიმართ წარმოებს, ან წარმოებდა სამართლებრივი დევნა, რამდენი ადამიანია მიცემული პასუხისგებაში, იმისათვის, რომ ჩვენში გამყარდეს იმის განცდა, რომ სადისტები და მოძალადეები სამართლიანად დევნილები არიან და მათ საზოგადოება, ისევე, როგორც პოლიტიკური სისტემა, არასდროს შეუნდობს იმას, რაც კეთდებოდა და რაც ვნახეთ ამ კატასტროფულ კადრებში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

27.10.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)