სახალხო დამცველი საქართველოს მოსახლეობას აფხაზური ენის დღეს ულოცავს
27 ოქტომბერს აფხაზური ენის დღეა და მინდა ეს დღე მივულოცო აფხაზურ საზოგადოებას და მთელს საქართველოს. საქართველოს კონსტიტუციით, აფხაზური ენა მეორე სახელმწიფო ენაა. მსოფლიოში 6500-ზე მეტ ენას ასახელებენ, რომელთა უმრავლესობაც, იუნესკოს მონაცემებით, გაქრობა ემუქრება, მათ შორის 2011 წლიდან სამწუხაროდ აფხაზური ენაც აღმოჩნდა.
საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული გაქრობის საფრთხის წინაშე მყოფი ყველა ენის, მათ შორის აფხაზური ენისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარების და პოპულარიზაციის ვალდებულება საქართველოს სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად მრავალი შემაფერხებელი გარემოებისა, ვფიქრობ, უფრო მეტი კონკრეტული აქტივობების განხორციელება არის შესაძლებელი აფხაზური ენის გადარჩენა-განვითარებისთვის. სასურველია, აფხაზებით კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში და იმ ტერიტორიებზე სადაც ასეთი მოთხოვნა იქნება, ხელი შეეწყოს აფხაზური ენის სწავლებას, ასევე განხორციელდეს სხვადასხვა სახის პროგრამები აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზებისთვის.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საზოგადოებას ვამცნო, რომ სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებგვერდს სამუშაო ენათა შორის აფხაზური ენაც დაემატა და ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა რეგულარულად უკვე აფხაზურ ენაზეც გაშუქდება. იმედი გვაქვს, ჩვენი აქტივობით გარკვეულ წვლილს შევიტანთ აფხაზური ენის დაცვისა და განვითარების საქმეში.