სახალხო დამცველი საქართველო–ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა
2015 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საქართველო–ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა, გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები და დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საკითხების განხილვას და სახალხო დამცველის როლს ამ პროცესში.
საქართველო–ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებთან საუბარში სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის, ასევე შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას. ისაუბრა მართლმსაჯულების სფეროში სამართალდამცავი სტრუქტურებისა და პროკურატურის რეფორმის მიმდინარეობასა და ციხეებში არსებულ მდგომარეობაზე.
სახალხო დამცველმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის იმპლემენტაციის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ და ის ტენდენციები გააცნო, რომელიც დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე სახალხო დამცველის აპარატის მუშაობის შედეგად გამოიკვეთა. უჩა ნანუაშვილმა საკანონმდებლო ხარვეზებზეც ისაუბრა, რომელიც დისკრიმინაციის პრევენციისთვის უახლოეს პერიოდში გამოსწორებას საჭიროებს.