ახალი ამბები

სახალხო დამცველი სამეგრელოს მოსახლეობას შეხვდა

2015 წლის 17–18 ნოემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი სამეგრელოში სოფლების ანაკლიის, რუხისა და ონარიის მოსახლეობას შეხვდა. გაუმართავი ინფრასტრუქტურა, საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევა და სოციალური საკითხები – ეს არის ის ძირითადი პრობლემები, რომელიც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებს.

საკუთრების უფლების საკითხი განსაკუთრებულად მწვავედ დგას სოფელ ანაკლიაში. მოსახლეობის უმრავლესობა აცხადებს, რომ გასულ წლებში, ანაკლიაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების გამო მიწების დათმობის სანაცვლოდ კომპენსაცია არ მიუღიათ. საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე ქმედითი რეაგირება სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მხრიდან დღემდე არ მომხდარ. მათ ვისაც სამოსახლოს დატოვება არ მოუხდათ, კურორტის განაშენიანების გამო თვითონ შეექმნათ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პრობლემები. მოსახლეობის განმარტებით, სასტუმროების მშენებლობისას მოხდა ნაგებობებისთვის მიწის ამაღლება, მათი კარმიდამო კი დაბლობზე მოექცა, ხოლო გაუმართავი სანიაღვრე სისტემის გამო მოსული ნალექი მათ ეზოებში ჩადის და იტბორება, სახლების უმრავლესობა უკვე ავარიულ მდგომარეობაშია. ასევე შეჩერებულია ზღვაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ ანაკლიას. პრობლემები აქვთ მეთევზეებსაც, რადგან გართულებული პროცედურების გამო თევზაობის ნებართვის აღებას ვერ ახერხებენ. ანაკლიის მოსახლეობის დიდი ნაწილის ერთადერთ შემოსავალს კი სწორედ თევზით ვაჭრობა წარმოადგენს.

ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთა ფეხით უწევთ საზღვრისპირა სოფელში მცხოვრებ მოსახლეობას. სოფელ რუხში მომუშავე პირების ნაწილი სამსახურში აფხაზეთიდან დადის, ტრანსპორტის არარსებობის გამო მათ კილომეტრების გავლა ყოველდღიურად ფეხით უწევთ. საკონტროლო გამშვებ პუნქტებს შორის 2008 წლის ომამდე გაეროს მხარდაჭერით დადიოდა ავტობუსი, რაც სერიოზულ დახმარებას უწევდა ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებასა და ტვირთის გადატანაში. მხოლოდ დამაკავშირებელი ხიდის მანძილი 800 მეტრია, რომელიც ასევე ამორტიზებულია. სახალხო დამცველი სატრანსპორტო მიმოსვლის აღდგენას და ენგურის ხიდის სასწრაფო რეაბილიტირებას აუცილებლად მიიჩნევს.

სოფელ რუხში მნიშვნელოვნად ამორტიზებულია ადგილობრივი ამბულატორია და კულტურის სახლი, რაც სოფლის მოსახლეობის წუხილის ერთ-ერთი საგანია. ამორტიზებული შენობების აღდგენა ვერ ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ რადგან ისინი კვლავ ირიცხება საბჭოთა პერიოდიდან არსებულ კოოპერატივებზე. აღნიშნული პრობლემა დროულ რეაგირებას და გადაწყვეტას საჭიროებს. რუხის საჯარო სკოლა, რომელმაც სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში არაერთი ჯილდო მოიპოვა, სპორტული და სააქტო დარბაზის გარეშეა დარჩენილი. დირექტორის განმარტებით, სხვა საჭიროებებზე რეაგირების გამო, ადმინისტრაციას დარბაზების რეაბილიტაციის თანხები აღარ რჩება.

რიგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ონარიაში. სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესაბამისად სოფელს დაფინანსება გაეზარდა. უკვე მოხდა საცხოვრებელი სახლების მნიშვნელოვანი ნაწილის სახურავების განახლება და ამორტიზებული სახლების გამაგრება. შეიცვალა წყლის სისტემები და იწყება გზის მშენებლობა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში რიგი სოციალური პრობლემები კვლავ რჩება, სახალხო დამცველმა მიმდინარე პროექტები დადებითად შეაფასა. თუმცა, გზის, ასევე სოფლის ამბულატორიის რეაბილიტაცია აუცილებელია განხორციელდეს.

სახალხო დამცველი სამეგრელოს სოფლებში მიმდინარე საკითხებს შეისწავლის და შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ხელისუფლებას.

17.11.15–18.11.15
სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)