სახალხო დამცველი საფრანგეთის ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა
2016 წლის 29 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან და საგანგებო ელჩს საქართველოში პასკალ მენიეს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა, მათ შორის, წინასაარჩევნო გარემოს, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თვალსაზრისით; ასევე, სასამართლოს და სამართალდამცავი სტრუქტურების რეფორმა.
ისაუბრეს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების ეფექტურობაზე. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმისა და შრომის ინსპექციის შექმნის აუცილებლობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და გალის რაიონში განათლების უფლების შეზღუდვას.
უჩა ნანუაშვილმა ელჩს ინფორმაცია მიაწოდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორციელებულ აქტივობებზე, სპეციალურ ანგარიშებზე, სახალხო დამცველის აპარატის ადამიანის უფლებათა აკადემიისა და სხვა პროექტების შესახებ.
ელჩმა მენიემ ომბუდსმენის აპარატისადმი სრული მხარდაჭერის და თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საკითხებზე.