ახალი ამბები

სახალხო დამცველი რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

სახალხო დამცველი ეხმაურება ბოლო პერიოდში რამდენიმე მედია საშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და საჭიროდ თვლის, საჯარო განცხადებაში შეეხოს იმ ფაქტებს, რომლებიც კარგადაა ცნობილი სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული ათეულობით ადამიანისათვის და მათ შესახებ საზოგადოების ინფორმირების საჭიროება არსებობს.

უპირველეს ყოვლისა, ქრონოლოგიურად გავყვეთ ავტომანქანა Mercedes-benz GLA-ს შეძენასთან დაკავშირებულ ფაქტებს, რომელთა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტები დაცულია სახალხო დამცველის აპარატში. კერძოდ:

2016 წლის 16 მარტის სახალხო დამცველის ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების Hyunday Tucson-ის მიმდინარე რემონტისთვის გაწეული/გასაწევი ხარჯების ზრდის გამო, დაიწყო მისი ჩანაცვლება მაღალი გამავლობისა და უკეთესი კლასის ავტომანქანით. მოხსენებითი ბარათისა და თანდართული გასაწევი სარემონტო ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების მიხედვით, დაუყოვნებელი სარემონტო სამუშაოებისათვის საჭირო იყო 4 252 ლარი, ხოლო მომდევნო წლისთვის ხარჯი მიაღწევდა საშუალოდ 7 252 ლარს. ჩანაცვლებამდე Hyunday Tucson-ით აპარატის სხვადასხვა თანამშრომლები სარგებლობდნენ საჭიროებისდა მიხედვით, მათ შორის, რეგიონებში მგზავრობის მიზნებისათვის და მისი ჩანაცვლების შემდგომ ახალი მანქანაც Mercedes-benz GLA იგივე მიზნებისთვის იქნა შეძენილი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სრული პროცედურების დაცვით და არა სახალხო დამცველის მოადგილისათვის.

2016 წლის 28 მარტის ბრძანებით, ავტომანქანა Mercedes-benz GLA სახალხო დამცველის ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის ერთ-ერთ დამხმარე მოსამსახურეს (რომელიც ამჟამად სახალხო დამცველის მოადგილის მძღოლია) გადაეცა რომ მომხდარიყო, შეძენილი ავტომანქანის სახალხო დამცველის ოფისში მოყვანა და სხვა ადმინისტრაციული სამუშაოები, განბაჟებისა და აპარატის ბალანსზე გადმოფორმების შემდეგ. ხოლო, 2016 წლის 6 აპრილიდან აღნიშნული ავტომობილი განთავსდა აპარატის ავტოსადგომზე. სახალხო დამცველის მიერ, მედია საშუალებებისათვის არაერთხელ მიწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, აპარატის სხვადასხვა თანამშრომელს ავტომანქანა Mercedes-benz GLA-ს გადაეცა სამსახურებრივი საჭიროების მიხედვით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის ავტოპარკში არის ავტოსადგომზე განთავსებული სხვა ავტომანქანებიც, რომელთა ნაწილის გამოყენება ასევე საჭიროებისდა მიხედვით ხდება.

განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სტუდია მონიტორისა და ჟურნალ ლიბერალის მიერ მომზადებული სიუჟეტი და სტატია, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს სახალხო დამცველი ამ ავტომანქანის შეძენის ფაქტთან დაკავშირებულ ინფორმაციას მალავს, ხოლო მათ სიმართლის გამოაშკარავება შესძლეს. სიმართლის გამოაშკარავების დასტურად კი ორივე მედია საშუალება ასახელებს ორ ფაქტობრივ გარემოებას: 1. აღნიშნული ავტომანქანა 2016 წლის 28 მარტის მდგომარეობით სარგებლობაში გადაცემული ჰქონდა სახალხო დამცველის მოადგილის მძღოლს და 2. სტუდია მონიტორს და ჟურნალ ლიბერალს სახალხო დამცველმა განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა ავტომანქანის სარგებლობაში გადაცემის შესახებ.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მოსამსახურეებზე სამსახურებრივი მიზნებისათვის აპარატის ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების – ავტომობილების გადაცემის შესახებ“ სახალხო დამცველის 2016 წლის 29 იანვრის #45 ბრძანებით, სახალხო დამცველის მოადგილის სამსახურებრივი გადაადგილების მიზნით, მის მძღოლზე გადაცემულია Hyunday Elantra და მისი განთავსება აპარატის ავტოსადგომზე არცერთ ეტაპზე, მათ შორის არც 2016 წლის მარტში არ მომხდარა. აღნიშნული უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის მოადგილის სამსახურებრივი გადაადგილების მიზნით გამოყოფილია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ავტომობილი - Hyunday Elantra. 2016 წლის 28 მარტიდან 6 აპრილის შუალედში ადმინისტრაციული და ფინანსური დეპარტამენტის დამხმარე მოსამსახურისათვის, რომელიც ამავე დროს სახალხო დამცველის მოადგილის მძღოლია, Mercedes-benz GLA–ს გადაცემა ემსახურებოდა ადმინისტრაციული დავალების შესრულების და არა სახალხო დამცველის მოადგილის გადაადგილების მიზანს და ეს შეიძლება დავალებოდა აპარატის ნებისმიერ სხვა დამხმარე მოსამსახურეს.

რაც შეეხება მეორე საკითხს, მედია საშუალებებმა განსხვავებული პასუხები მათ მიერვე მოთხოვნილი განსხვავებული ინფორმაციების თანახმად მიიღეს, ამიტომ არასწორია სიუჟეტსა თუ სტატიაში გაკეთებული განცხადებები, რომ მათ სახალხო დამცველის აპარატმა ურთიერთ შეუსაბამო პასუხები გასცა. კერძოდ, სტუდია მონიტორმა 2016 წლის 9 ივნისის წერილით 2016 წლის 28 მარტის #113 ბრძანების ასლი მოითხოვა, რაც გადაეცა კიდეც იმავე დღეს, კანონის მოთხოვნათა დაცვით[1]. ხოლო, ჟურნალ ლიბერალის ჟურნალისტმა 2016 წლის 1 ივნისს მოითხოვა ინფორმაცია კონკრეტულად რომელი თანამშრომელი სარგებლობდა Mercedes-benz GLA ავტომობილით. შესაბამისად, ლიბერალის ჟურნალისტს ეცნობა, რომ პასუხის მომზადების დროს (2016 წლის 9 ივნისი) მდგომარეობით, ავტომანქანა განთავსებული იყო აპარატის ავტოსადგომზე.

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახალხო დამცველის აპარატში მედიასთან კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიწოდების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს სახალხო დამცველი.

სიმართლეს არ შეესაბამება ერთ-ერთ საგაზეთო სტატიაში აღნიშნული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოსდა პირდაპირი შესყიდვის ფორმით (ე.წ. ჩანაცვლების გზით) ავტომანქანის შეძენის შემთხვევაში ეს ინფორმაცია არ მოხვდებოდა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე. ტენდერის გარეშე, გამარტივებული ფორმით (ე.წ. ჩანაცვლების გზით) ავტომანქანის (Mercedes-benz GLA) შეძენის შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, შესყიდვის განხორციელების დღიდან - 2016 წლის 29 მარტიდან. ამ ინფორმაციის შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსება კანონის მოთხოვნაა, რაც ზედმიწევნითაა შესრულებული და გამორიცხავს სახალხო დამცველის მხრიდან ამ ფაქტის დამალვის ინტერესს.

სამწუხაროდ, ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელების მიზეზი სახალხო დამცველის მოქმედი თანამშრომლის ილია ჭანტურაიას პირადი წყენა აღმოჩნდა, რომელიც დაინტერესებულია, არასწორი ინფორმაცია გაავრცელოს უშუალოდ სახალხო დამცველისა და მისი მოადგილის შესახებ, თუმცა, ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს სტუდია მონიტორისა და ჟურნალ ლიბერალის ჟურნალისტის ნათია ამირანაშვილის მიერ ყოველგვარი ფაქტების/მტკიცებულებების გარეშე არაზუსტი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება. ამასთან, სრულიად შეცდომაში შემყვანია „გურიანიუსის“ მიერ გამოქვეყნებული სტატიის სათაური „რა ინფორმაციის გაჟონვისთვის ათავისუფლებს უჩა ნანუაშვილი თანამშრომლებს.“

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს დასაზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“ ხოლო, ამავე ქარტიის მე–3 პრინციპის მე–2 წინადადების მიხედვით, „ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არუნდა გააყალბოს [...] ინფორმაცია...“

რაც შეეხება, საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსის ილია ჭანტურაიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, რომელიც მან თავად გახადა საჯარო – 2016 წლის 9 მარტს დაწყებული დისციპლინური წარმოების შედეგად, დისციპლინურიკომისიისდასკვნისთანახმად, ილიაჭანტურაიასმხრიდანადგილიჰქონდასაჯაროსამსახურისშესახებსაქართველოსკანონის 78-მუხლისპირველიპუნქტისქვეპუნქტითგათვალისწინებულდისციპლინურგადაცდომას, „სამსახურებრივმოვალეობათაბრალეულიშეუსრულებლობაანარაჯეროვანიშესრულება და შეეფარდა სახდელის ზომა - გაფრთხილება, რაც მან გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში. უნდა აღინიშნოს, რომ იგი არათუ დისკრიმინაციის მსხვერპლი, უპირატეს მდგომარეობაშიც კი არის ჩაყენებული სახალხო დამცველის აპარატში, რაზეც შემდეგი ფაქტები მეტყველებს:

ილია ჭანტურაია დღემდე სარგებლობს სახალხო დამცველის სამსახურებრივი ავტომობილით „ფოლცვაგენ გოლფ VI“, რაც აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისათვის ხელმისაწვდომი არაა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ილია ჭანტურაიას სარჩელი წარმოებაში მიიღო მხოლოდ დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ სახალხო დამცველის ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში; რაც შეეხება დისკრიმინაციის ფაქტის შესახებ სარჩელს, ის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას გადაეცა და ამ ნაწილში სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს დღემდე არ მიუღია;

უფრო მეტიც, ჭანტურაია თავის სარჩელში მხოლოდ ვარაუდობს, რომ მას დისციპლინური სახდელი პროფესიული კავშირის წევრობის მიზეზით შეუფარდეს (?), თუმცა დისკრიმინაციის ფაქტზე არგუმენტები წარმოდგენილი არ აქვს. ამის საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ სახალხო დამცველის აპარატში არაერთი თანამშრომელია საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის წევრი, რაც არასოდეს გამხდარა მათ მიმართ განსხვავებული მოპყრობის საფუძველი;

საინტერესოა ისიც, რომ ილია ჭანტურაიამ სახალხო დამცველის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტებზე მედიასთან განცხადებები სამუშაო საათებში, სახალხო დამცველის ოფისიდან, სახალხო დამცველის აპარატის ბანერის წინ გააკეთა და აკეთებს;

რაც შეეხება ილია ჭანტურაიას მიმართ მეორე დისციპლინური წარმოების დაწყებას, რომლის შესახებაც მან ასევე თავად გაასაჯაროვა ინფორმაცია, მისი საფუძველი გახდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილის პაატა ბელთაძის 2016 წლის 7 ივნისით დათარიღებული და აპარატის ერთ-ერთი თანამშრომლის 2016 წლის 15 ივნისის მოხსენებითი ბარათები, რომლითაც იკვეთება ილია ჭანტურაიას მიერ სავარაუდო დისციპლინური გადაცდომის ფაქტები. კერძოდ, სახალხოდამცველისაპარატშიდაცულისხვაპირთაპერსონალურიმონაცემებისუკანონოდმოპოვებადაპირადიმიზნებისათვისგამოყენებადააპარატისელექტრონულიდოკუმენტბრუნვისპროგრამიდანრეგისტრირებულიგანცხადებისწაშლისდავალებისგაცემა. სახალხო დამცველის აპარატში ცალკესხვადისციპლინურიწარმოება აპარატის რომელიმე თანამშრომელის მიმართ არ მიმდინარეობს.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ არ შეესაბამება სიმართლეს ცალკეულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა ილია ჭანტურაიას მიმართ დისციპლინური საქმისწარმოება მისი მხრიდან ავტომანქანა Mercedes-benz GLA-ს შესახებ ინფორმაციის გავრცელების გამო დაიწყო. ილია ჭანტურაია სახალხო დამცველის აპარატში არის საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების დეპარტამენტის უფროსი. მისი და მისი დეპარტამენტის უფლება-მოვალეობები, ასევე იმ თანამშრომლების უფლება–მოვალეობები, რომელთა მიმართ 2016 ან 2015 წელს გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმა, არანაირ შეხებაში არ არის სახალხო დამცველის აპარატის მიერ განხორცილებულ შესყიდვებთან ან სხვა ადმინისტრაციულ და ფინანსურ საქმიანობასთან.

ილია ჭანტურაია მედია საშუალებებისათვის მიცემულ ინტერვიუებში ასევე საუბრობს სახალხო დამცველის აპარატში კადრების აყვანის საკითხებზე. გვსურს აღვნიშნოთ, რომ აპარატის ყველა ვაკანტურ თანამდებობაზე თანამშრომელთა მიღება ხდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით. საკონკურსო კომისია ამავე კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით არის შექმნილი და მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში, უკვე მეოთხე წელია. კომისია შედგება 7 წევრისგან, რომელთა შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციისა და საჯარო მოხელეთა პროფკავშირების წარმომადგენლები და კომისია გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით (რაც ნიშნავ მინიმუმ ოთხ ხმას). კომისიის თავმჯდომარე არის სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, რომელიც არის აპარატის ხელმძღვანელიც. შესაბამისად, კომისიის ერთი წევრის მოსაზრება ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება გადამწყვეტი კომისიისათვის.

ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებული კადრები, მათ შორის ბოლო წლებში კონკურსის შედეგად აყვანილი თანამშრომლები, გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით და ფართო გამოცდილებით ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. არაერთი მათგანი ადამიანის უფლებათა საკითებზე ბევრი წლის განმავლობაში მუშაობდა და არის საზოგადოებისათვის, განსაკუთრებით სამართლებრივ სფეროში მომუშავე პირებისათვის, კარგად ნაცნობი სახე. შესაბამისად, სრულიად არასერიოზულია სახალხო დამცველის აპარატში დასაქმებულ პირთა პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენება. ფაქტია ისიც, რომ სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობა გაფართოვდა და დაიხვეწა არაერთი მიმართულებით, რაშიც უდიდესი წვლილი სწორედ აპარატის თანამშრომლების უდიდეს ნაწილს მიუძღვით. აპარატში არ არის წახალისებული მართვის გაუმჭვირვალე მეთოდები და სახალხო დამცველი ყველა ზომას იღებს იმისათვის, რომ აპარატში დასაქმებული თითოეულ ადამიანისადმი მიდგომა იყოს სამართლიანი.

სახალხო დამცველმა წინამდებარე განცხადების ტექსტი გაუგზავნა ყველა იმ მედია საშუალებას, რომლებმაც ამ განცხადებაში მოცემულ საკითხებზე გაავრცელეს ინფორმაცია და სრული სახით მისი გამოქვეყნება მოითხოვა.



[1] სტუდია მონიტორი 2016 წლის 9 ივნისის მეორე წერილით ითხოვდა ყველა იმ აქტის ასლის გადაცემას, რომლითაც ავტომანქანა Mercedes-benz GLA განსაკარგად გადაეცა სახალხო დამცველის აპარატის კონკრეტულ თანამშრომელს. ამ განცხადებაზე პასუხი არის სტუდია მონიტორის მიერ პირველი განცხადების საფუძველზე მოთხოვნილი ინფორმაციის იდენტური (ანუ ასეთი აქტი არის 2016 წლის 28 მარტის #113 ბრძანება), რადგან 28 მარტის შემდგომ 9 ივნისის მონაცემებით აღნიშნული ავტომობილი კონკრეტულ პირზე გადაცემული არ ყოფილა, არამედ განთავსდა ავტოსადგომზე.

სამუშაო საათები: ორშაბათი–პარასკევი 9:00–18:00
ცხელი ხაზი: 1481 (24/7)